ავტორი:

“Thing“ ადამსების ოჯახიდან რეალობად იქცა - მეცნიერებმა შექმნეს თითებზე მოსიარულე რობოტი ხელი, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას გაამარტივებს

“Thing“ ადამსების ოჯახიდან რეალობად იქცა - მეცნიერებმა შექმნეს თითებზე მოსიარულე რობოტი ხელი, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას გაამარტივებს

შვეიცარიის ციურიხის ტექნიკური უნივერსიტეტის (ETH Zurich) “რბილი რობოტიკის ლაბორატორიის“ მკვლევრებმა (ამირჰოსეინ კაზემიპური, ჰეჰუი ჟენგი და რობერტ კატცშმანი) შექმნეს ავტონომიური რობოტი-ხელი, რომელსაც საკუთარ თითებზე გადაადგილება და ობიექტებთან მანიპულირება დამოუკიდებლად შეუძლია.

თავისი გარეგნობითა და მოძრაობის მანერით ის საოცრად ჰგავს საკულტო სერიალისა და ფილმის - “ადამსების ოჯახის“ (The Addams Family) ცნობილ პერსონაჟს, მოკვეთილ ხელს, სახელად “Thing“.

მეცნიერებმა გამოიყენეს ბაზარზე არსებული სტანდარტული, 5-თითიანი რობოტული ხელი, რომელსაც 20 მოძრავი სახსარი აქვს. ხელის ზურგზე დაამონტაჟეს მინი-კომპიუტერი, მოძრაობის სენსორები (IMU) და ლითიუმ-პოლიმერული ელემენტი.

მთლიანი მოწყობილობა იწონის სულ რაღაც 818 გრამს და არ საჭიროებს არანაირ გარეგან სადენებს თუ კაბელებს.

  • რატომ იყო თითებზე სიარული რთული ამოცანა?

ჩვეულებრივ ოთხფერხა რობოტებთან შედარებით, ადამიანის ხელის ფორმა სიმეტრიული არ არის: თითები სხვადასხვა სიგრძისა და სისქისაა. ცერა თითი გვერდითაა გაწეული.

ამ ბალანსის დასაჭერად მკვლევრებმა გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება. სიმულაციაში AI-მ მილიონობით მცდელობის შედეგად ისწავლა, თუ როგორ უნდა დააბალანსოს წონა ასიმეტრიულ თითებზე, იაროს სხვადასხვა ზედაპირზე (ბალახი, ხრეში, ფილები) და წაქცევის შემთხვევაში დამოუკიდებლად წამოდგეს (ტესტების 84%-ში მან წარმატებით შეძლო ფეხზე წამოდგომა).

მთავარი მიღწევა ის არის, რომ თითები ორივე ფუნქციას ითავსებენ: როგორც ფეხები, ისე გადააქვთ რობოტის სხეული სივრცეში.

დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ შეუძლიათ ღილაკებზე დაჭერა (მაგალითად, კომპიუტერის კლავიატურაზე ბეჭდვა 90%-იანი სიზუსტით) ან ნივთების მიწოლით გადაადგილება.

შვეიცარიელი მეცნიერებს სურთ რომ მომავალში რობოტმა შეძლოს ისეთ მიუდგომელ ადგილებში შეღწევა, (მაგალითად, ნანგრევებში, მილებში ან რთულ მექანიზმებში), სადაც ადამიანები ვერ შედიან. ხელი დამოუკიდებლად “მიხოხდება“ საჭირო ადგილამდე, შეასრულებს დავალებას (ჩართავს ჩამრთველს, მოატრიალებს ვენტილს) და უკან დაბრუნდება.