აშშ-ში, კალიფორნიის შტატში გამართულ სანტა-ბარბარას ნახევარმარათონზე ათობით მონაწილის უეცარი შეუძლოდ გახდომისა და ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ცნობილია. ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, მასობრივი შეუძლოდ გახდომა უჩვეულო სიცხემ და ფიზიკურმა გადაღლილობამ გამოიწვია და არა წყლის მოწამვლამ, როგორც ამას სოციალურ ქსელებში ვარაუდობდნენ.

კალიფორნიაში გამართულ 21-კილომეტრიან ნახევარმარათონზე ათობით მორბენალს უჩვეულო სიმპტომები გამოუვლინდა, რის გამოც 27 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკა “Cottage Health“-ში გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში პაციენტების მოზღვავების გამო განგაში გამოცხადდა, რის გამოც პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
დაზარალებულები კლინიკებში სასწრაფო დახმარების მანქანებით, პირადი ტრანსპორტითა თუ ფეხით მივიდნენ. ბოლო მონაცემებით, 24 პაციენტი მკურნალობის შემდეგ სახლში გაწერეს, ხოლო 3 მორბენალი კვლავ საავადმყოფოში რჩება.
სანტა-ბარბარას ოლქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ინციდენტი პირდაპირ უკავშირდება რბოლაში მონაწილეობასა და მაღალ ტემპერატურას. კვირას, დილის 10:00 საათისთვის ტემპერატურამ 26.6°C-ს მიაღწია, მოგვიანებით კი 29°C-მდე გაიზარდა, რაც ნოემბრის თვისთვის დამახასიათებელ საშუალო ტემპერატურაზე დაახლოებით 5.5 გრადუსით მაღალია. ჯანდაცვის უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო იზოლირებული შემთხვევა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ფართო საფრთხე არ არსებობს.

მას შემდეგ, რაც ათობით მორბენალი შეუძლოდ გახდა, სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა ხმები, თითქოს მარათონის მარშრუტზე დარიგებული წყალი მოწამლული ან აკრძალული ნივთიერებებით იყო დაბინძურებული. თუმცა, გარემოს დაცვის ინსპექტორებმა შეამოწმეს ის ადგილები, სადაც ელექტროლიტური სასმელები მზადდებოდა, და არანაირი დარღვევა არ გამოვლენილა.