აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთ ჰოლივუდის უბანში, ავტომობილი ფეხით მოსიარულეებსა და ქუჩის მოვაჭრეებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
თავად მძღოლიც კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამი ადამიანი გარდაიცვალა, სულ მცირე სამი დაშავებული კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოებში გადაიყვანეს. თავდაპირველი ინფორმაციით, ავარიის ზუსტი მიზეზი უცნობია.

პოლიციის ცნობით, მძღოლი 60 წლამდე ასაკის მამაკაცია. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ტესტირება, რათა დადგინდეს, იმყოფებოდა თუ არა ის შემთხვევის დროს ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.


ლოს-ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა, მომხდარს საშინელი შემთხვევა უწოდა და განაცხადა, რომ მისი ოფისი სამართალდამცავებთან თანამშრომლობს ინციდენტის მიზეზების დასადგენად.
პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს. ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსის, ჯიმ მაკდონელის განცხადებით, გამოძიება საფუძვლიანად ჩატარდება, რათა დადგინდეს, რა მოხდა შემთხვევამდე და რამ გამოიწვია ავარია.