D ვიტამინის მნიშვნელობაზე განსაკუთრებით ხშირად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვსაუბრობთ. მისი დეფიციტი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, თუმცა არანაკლებ საყურადღებოა მეორე უკიდურესობა - D ვიტამინის თვითნებურად, ხშირად მაღალი დოზებით მიღება. შესაძლოა პაციენტთა ნაწილმა არ იცოდეს, რომ მის აქტიურ ფორმად გარდაქმნაში თირკმელი მონაწილეობს ,ხოლო ჭარბი დოზებით მიღებამ შეიძლება კალციუმის დონის მატება და თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს.
თოდუას კლინიკის ნეფროლოგ ანა შამანაძისგან გავიგებთ როგორ უკავშირდება ერთმანეთს D ვიტამინის დონე და თირკმელების ჯანმრთელობა, როდის გვჭირდება მისი შემოწმება და რა შემთხვევაში შეიძლება სასარგებლო ვიტამინი ჯანმრთელობისთვის საზიანო გახდეს.
1. რა როლს ასრულებენ თირკმელები D ვიტამინის ცვლაში და რატომ არის ეს კავშირი მნიშვნელოვანი?
D ვიტამინის გააქტიურებაში თირკმელებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ. სწორედ თირკმელებში გარდაიქმნება ის აქტიურ ფორმად, რომელიც ორგანიზმს კალციუმისა და ფოსფორის ათვისებაში ეხმარება. ამიტომ, როდესაც თირკმლის ფუნქცია ირღვევა, ეს პროცესიც ფერხდება და საბოლოოდ შეიძლება ძვლებისა და მინერალური ცვლის პრობლემები განვითარდეს.
2. შეიძლება თუ არა D ვიტამინის დეფიციტი თირკმელების ფუნქციის დარღვევასთან იყოს დაკავშირებული?
დიახ, ეს კავშირი ნამდვილად არსებობს. თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს ორგანიზმს უჭირს D ვიტამინის აქტიურ ფორმად გარდაქმნა, რის გამოც ირღვევა კალციუმისა და ფოსფორის ბალანსი. შედეგად შეიძლება განვითარდეს ძვლოვანი გართულებებიც. თუმცა, მხოლოდ D ვიტამინის დაბალი მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ ადამიანს თირკმლის დაავადება აქვს.
3. რამდენად გამართლებულია D ვიტამინის პერიოდული შემოწმება ყველასთვის და ვისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ D ვიტამინის ანალიზის გაკეთება ყველასთვის და მით უმეტეს, ხშირად, აუცილებელი არ არის. მისი შემოწმება განსაკუთრებით საჭიროა იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ქრონიკული დაავადება, ოსტეოპოროზი ან ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევა. ასევე მნიშვნელოვანია კვლევა იმ პაციენტებში, რომლებსაც დეფიციტის განვითარების სხვა რისკფაქტორები აქვთ. გადაწყვეტილება კვლევის საჭიროების შესახებ ექიმმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.
4. რა საფრთხე ახლავს D ვიტამინის თვითნებურად, მაღალი დოზებით მიღებას?
ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა - ადამიანები ხშირად თავად იწყებენ D ვიტამინის მიღებას და ზოგჯერ ძალიან მაღალი დოზებითაც. უნდა გვახსოვდეს, რომ D ვიტამინის სიჭარბე ისეთივე არასასურველია, როგორც მისი დეფიციტი. ჭარბმა მიღებამ შეიძლება სისხლში კალციუმის დონე გაზარდოს, ამიტომ დოზის შერჩევა და მკურნალობის ხანგრძლივობა ექიმთან უნდა შეთანხმდეს.
5. შეიძლება თუ არა D ვიტამინის ჭარბმა მიღებამ თირკმლის კენჭები ან თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს?
დიახ, მცირედი რისკი არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც D ვიტამინი ხანგრძლივად და მაღალი დოზებით მიიღება. ამ დროს შეიძლება მოიმატოს შარდში კალციუმის რაოდენობამ, რაც ხელს უწყობს კალციუმის შემცველი კენჭების წარმოქმნას. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კენჭოვანი დაავადების ისტორია აქვთ. ამიტომ D ვიტამინის მიღებისას აუცილებელია ზომიერება, სწორი დოზის შერჩევა და ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება.
6. როგორ უნდა ვმართოთ D ვიტამინის დეფიციტი თირკმლის ქრონიკული დაავადების ან კენჭების ისტორიის მქონე პაციენტებში?
ასეთ პაციენტებთან უფრო ფრთხილი მიდგომაა საჭირო. მხოლოდ D ვიტამინის მაჩვენებლის შეფასება საკმარისი არ არის - უნდა გავითვალისწინოთ თირკმლის ფუნქცია, სისხლში კალციუმისა და ფოსფორის დონე და საჭიროების შემთხვევაში პარათიროიდული ჰორმონიც. კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში დამატებით მნიშვნელოვანია შარდში კალციუმის რაოდენობის შეფასება. მკურნალობის მიზანი დეფიციტის უსაფრთხო გამოსწორებაა და არა რაც შეიძლება მაღალი მაჩვენებლის მიღწევა.
7. რა უნდა გავითვალისწინოთ D ვიტამინის მიღებისას და როდის არის საჭირო დამატებითი ანალიზები?
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ D ვიტამინის დოზა ყველასთვის ერთნაირი არ არის. მისი შერჩევისას ვითვალისწინებთ პაციენტის ასაკს, საწყის მაჩვენებელს, თირკმლის ფუნქციასა და თანმხლებ დაავადებებს. გარკვეულ შემთხვევებში საჭიროა დამატებითი კვლევები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს თირკმლის დაავადების ან კენჭების ისტორიის მქონე პაციენტებში, რათა მკურნალობა ეფექტიანიც იყოს და უსაფრთხოც.
R