ეთიოპიის მაღალმთიანეთში მომუშავე ბიოლოგებმა ცხოველთა სამყაროში უჩვეულო შემთხვევა დააფიქსირეს. როგორც ჩანს მეზობლად მცხოვრებ ხარსა და ვირს ერთმანეთი “შეუყვარდათ“.
უფრო მეტიც, მეცნიერებმა დაკვირვებისას შეამჩნიეს, რომ მათ ერთმანეთთან განმეორებითი ინტიმური კავშირიც კი აქვთ.
ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც მკვლევრები ეთიოპიის მთიანეთში, გელადას ბაბუინებზე დასაკვირვებლად ჩავიდნენ, თუმცა მათი ყურადღება სრულიად სხვა წყვილმა მიიპყრო. ხარი, რომელსაც მოგვიანებით “აქილევსი“ უწოდეს, ერთ ვირს გამოარჩევდა და გამუდმებით მასთან ყოფნას ცდილობდა.
ცხოველები ერთად არ ცხოვრობენ და ერთმანეთს მხოლოდ მაშინ ხვდებოდნენ, როდესაც პატრონებს საერთო საძოვარზე მიჰყავდათ. მიუხედავად ამისა, მათ შორის განსაკუთრებული სიახლოვე შეინიშნებოდა. ვირი ხარის მცდელობებს არ გაურბოდა და ხშირად თავადაც უახლოვდებოდა მას. ამასთან, ორივე ცხოველს სხვა პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობის შესაძლებლობაც ჰქონდა, თუმცა უპირატესად ერთმანეთის სიახლოვეს არჩევდნენ.
საინტერესოა ისიც, რომ ადგილობრივი მწყემსებისთვის “აქილევსისა“ და “პატროკლოს“ ურთიერთობა სიახლე არ ყოფილა. როგორც მკვლევარი იხსენებს, როდესაც მეცნიერებმა ცხოველების გადაღება დაიწყეს, საძოვარზე მყოფი ადამიანებისთვის ეს საკმაოდ სახალისო სანახაობა აღმოჩნდა.

ცხოველებს სახელები ძველი ბერძნული ეპოსის პერსონაჟების პატივსაცემად შეურჩიეს. ჰომეროსის „ილიადაში“ აქილევსისა და პატროკლოსის განსაკუთრებული სიახლოვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა.
მეცნიერებს ჯერ არ აქვთ ზუსტი პასუხი, რამ განაპირობა ეს ურთიერთობა ან ჰქონდა თუ არა მას რაიმე კონკრეტული ბიოლოგიური ფუნქცია.