ავტორი:

შპიონაჟის სკანდალი ნატო-ს სტრატეგიულ ბაზაზე - ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ამერიკელი სამხედრო დააკავეს: რას აცხადებს FBI

შპიონაჟის სკანდალი ნატო-ს სტრატეგიულ ბაზაზე - ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ამერიკელი სამხედრო დააკავეს: რას აცხადებს FBI

დიდ ბრიტანეთში, გლოსტერში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი აშშ-ის არმიის 41 წლის მაღალჩინოსანი სამხედრო დააკავეს. ლონდონის ანტიტერორისტულმა პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავება 2023 წლის ეროვნული უსაფრთხოების აქტის პირველი და მესამე მუხლების საფუძველზე განხორციელდა.

ამ კანონის პირველი მუხლი ეხება დაცული ინფორმაციის მოპოვებას ან გამჟღავნებას, ხოლო მესამე მუხლი - უცხოური დაზვერვის სამსახურის დახმარებას.

სამხედრო ლონდონის პოლიციის განყოფილებაში პატიმრობაში იმყოფება. ის 2023 წლის ეროვნული უსაფრთხოების აქტის საფუძველზეა დაკავებული, რაც პოლიციას საშუალებას აძლევს, ბრალის წარდგენის გარეშე დააკავოს 14 დღემდე ვადით.

  • ნატო-ს სტრატეგიული ბაზა და ჩხრეკა გლოსტერშირში

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავები ჩხრეკას ატარებენ გლოსტერშირის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე. BBC-ის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე ბაზირებული იყო იმჯინის ყაზარმებში, რომელიც ინსვორტში, გლოსტერშირში მდებარეობს.

აღნიშნული ყაზარმები წარმოადგენს ნატო-ს მოკავშირეთა სწრაფი რეაგირების კორპუსის (ARRC) შტაბ-ბინას და ალიანსისთვის სტრატეგიულ ოპერატიულ ბაზას. ანტიტერორისტულმა პოლიციამ აღნიშნა, რომ ეს საქმე არ არის დაკავშირებული არცერთ სხვა მიმდინარე გამოძიებასთან.

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კაშ პატელმა განცხადებაში აღნიშნა, რომ “ეს მნიშვნელოვანი დაკავება შეეხება ჯაშუშობის ბრალდებებს, რაც უდიდეს შეშფოთებას იწვევს შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის“.

“ვიდრე ეს გამოძიება გრძელდება, მინდა მკაფიო გზავნილი გავაგზავნო - FBI გამოიჩენს ნულოვან ტოლერანტობას მათ მიმართ, ვინც ტეხს შეერთებული შტატებისადმი მიცემულ ფიცს და ვისი ქმედებებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასა და ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებას“, - განაცხადა მან.

წყარო