ირლანდიაში ვიზიტის დროს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი პროპალესტინელი აქტივისტების ჯგუფმა ალყაში მოაქცია. დემონსტრანტებმა წყვილს სხვადასხვა ნივთი, მათ შორის რძის კოლოფები დაუშინეს, პოლიციამ მათი შეკავება სცადა, თუმცა შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.
შემთხვევა დუბლინის ტრინიტი-კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 83 წლის ჯო ბაიდენი კოლეჯის შენობას ტოვებდა და კუთვნილი ავტომობილისკენ მიემართებოდა, როდესაც აქტივისტებმა მისი უსაფრთხოების სამსახურის მიმართულებით ნივთების სროლა დაიწყეს - გავრცელებული ვიდეოკადრებით ირკვევა, რომ მათ შორის რძის კოლოფებიც იყო.
ბაიდენის თანაშემწეებმა ქოლგები გამოიყენეს, რათა ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მეუღლისთვის ნასროლი ნივთები აერიდებინათ. პოლიციამ ერთი განსაკუთრებით აგრესიული დემონსტრანტი წააქცია, რომელიც ესკორტთან მიახლოებას ცდილობდა, ხოლო კიდევ ორ პროტესტანტს პოლიციელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ირლანდიის პოლიციამ (Gardaí) სულ მცირე ორი აქტივისტი დააკავა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებსაც ხელში პალესტინის დროშები ეჭირათ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მისამართით შეძახილებს გაჰყვიროდნენ: “სისხლი გაქვს ხელებზე!“, “სირცხვილი შენ!“ და “გენოციდის ჯო“.
როგორც ირკვევა, ექს-პრეზიდენტი ირლანდიაში თავისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის მხარდასაჭერად ჩავიდა, რომელსაც ტრინიტი-კოლეჯში ჯილდო გადასცეს “საჯარო დისკურსში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის“.