"გამარჯობა. ვინც ფისოები დაჩიპეთ, პატრონის ნასამართლობის ცნობა მართლა მოგთხოვეს?“ - ამ კითხვით ერთ-ერთ ჯგუფში გამოქვეყნებულ პოსტს შინაური ცხოველების მფლობელების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი წერს, რომ ცნობა მუნიციპალურ სამსახურში მოსთხოვეს, სხვები კი ამბობენ, რომ კერძო ვეტერინარულ კლინიკაში ცხოველის დაჩიპვისას მსგავსი მოთხოვნა არ ყოფილა.
როგორც ambebi.ge-ს მუნიციპალურ სამსახურში განუმარტეს, ცხოველის დაჩიპვის შემთხვევაში ნასამართლობის ცნობის წარდგენა აუცილებელია და ამ მოთხოვნის საფუძველი თბილისის საკრებულოს 2026 წლის 24 თებერვლის №9-11 დადგენილებაა.
დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიზიკური პირი ცხოველის მფლობელად შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 16 წელი შეუსრულდა და არ აქვს ნასამართლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. ეს მუხლი ცხოველის წამებასა და მის მიმართ სასტიკ მოპყრობას შეეხება.
მიუხედავად იმისა, რომ დადგენილების ჩანაწერი ნასამართლობის არქონის პირობას ადგენს, მასში პირდაპირ არ არის დასახელებული ნასამართლობის ცნობა, როგორც ამ გარემოების დამადასტურებელი სავალდებულო დოკუმენტი. თუმცა მუნიციპალური სამსახურის განმარტებით, სწორედ ამ მოთხოვნის დასადასტურებლად მოქალაქემ ცნობა უნდა წარადგინოს.
თბილისის საკრებულოს №9-11 დადგენილება 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა და დედაქალაქის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესს განსაზღვრავს.
დოკუმენტის მიხედვით, ცხოველის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში მისი იდენტიფიცირების შემდეგ ხდება. ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური, ვეტერინარული დაწესებულება, ცხოველთა თავშესაფარი და ცხოველთა საშენი.
ამავე დადგენილების თანახმად, პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის მფლობელად რეგისტრაციისთვის, ნასამართლობის არქონის გარდა, სავალდებულოა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენაც.
ცხოველის პატრონი ვალდებულია, მისი რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარებში მოქალაქეები წერენ, რომ ნასამართლობის ცნობა ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ მუნიციპალურ სამსახურში მოითხოვეს, კერძო ვეტერინარულ კლინიკაში კი - არა. ერთ-ერთი მოქალაქე აღნიშნავს, რომ ძაღლებისა და კატების დაჩიპვისას ცნობა მხოლოდ ჰასკის შემთხვევაში მოსთხოვეს და განუმარტეს, რომ მოთხოვნა დიდი ჯიშის ძაღლებს შეეხებოდა.
თუმცა დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი მფლობელად რეგისტრაციის ზოგად პირობას ადგენს და მას მხოლოდ დიდი ჯიშის ძაღლებთან არ აკავშირებს.
მოქალაქეების ნაწილი ახალი მოთხოვნის გამო დამატებით ხარჯებზეც საუბრობს. მათი თქმით, ნასამართლობის ცნობის აღება ფასიანია, რაც განსაკუთრებით პრობლემურია მათთვის, ვინც ქუჩის ცხოველებს უვლის და რამდენიმე კატის ან ძაღლის დაჩიპვა სურს.
მოქალაქეების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალურ სამსახურში ცხოველის დაჩიპვა 19 ლარი ღირს, ადგილზე გამოძახების შემთხვევაში კი - 32 ლარი. ნასამართლობის ცნობის საფასური, მათი ინფორმაციით, სამი სამუშაო დღის ვადაში 20 ლარია, ერთ სამუშაო დღეში მიღების შემთხვევაში კი - 40 ლარი. ცნობის აღება შესაძლებელია იუსტიციის სახლში ან ონლაინ.
ახალი სისტემის მიზანი შინაური ბინადარი ცხოველებისა და მათი მფლობელების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნაა. რეგულაციის მიხედვით, ეს ცხოველების აღრიცხვას, მიტოვების პრევენციასა და უპატრონოდ აღმოჩენილი ცხოველის მფლობელის ან მზრუნველის დადგენას უნდა შეუწყოს ხელი.