13 ნოემბრიდან მკითხველი სამ წიგნს სასურველ ფასად შეიძენს, შეგროვილი თანხით კი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს კომპიუტერი და ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი დაუფინანსდებათ.
გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ცნობილი კამპანია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ ახალი მიზნით ბრუნდება. ამჯერად გამომცემლობა პროექტ „ჩართესთან“ თანამშრომლობით, სოციალურად დაუცველი მოსწავლეების განათლებას დაუჭერს მხარს. 13 ნოემბრიდან „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალში მკითხველს შეეძლება სამი გამორჩეული წიგნის შეძენა იმ ფასად, რომელსაც თავად ჩათვლის სამართლიანად. აქციიდან შემოსული თანხა მოხმარდება სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რათა მათ კომპიუტერი და ინტერნეტი ჰქონდეთ, და მასთან ერთად სწავლის თანაბარი შესაძლებლობაც.
კამპანიის ახალი სლოგანია: „გადაიხადე რამდენიც გინდა, აჩუქე კომპიუტერი და ინტერნეტი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს და გახადე განათლება ხელმისაწვდომი“.
საქართველოში 78 000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს წვდომა კომპიუტერთან და ინტერნეტთან. მათი 95% ინტერნეტის დაფარვის ზონაში ცხოვრობს. ის გეოგრაფიული სივრცე და გარემო, რომელშიც ასეთი მოზარდები იზრდებიან, მათ არ აძლევს ფინანსური, აკადემიური თუ პროფესიული განვითარების შანსს, მისწრაფებების, ამბიციებისა და მიზნების ჩამოყალიბების საშუალებას. ასეთი მოზარდი რჩება დღევანდელი ინტერნეტ რევოლუციის მიღმა და არ აქვს საშუალება, წვლილი შეიტანოს ქვეყნისა და სამყაროს განვითარებაში.
პროექტ „ჩართეში“ უკვე 3 551 მოსწავლეა ჩართული, რიგითი მოქალაქეებისა და კომპანიების მხარდაჭერით. კვლევების მიხედვით, ჩართვიდან ერთ წელიწადში მოსწავლეთა 85% აუმჯობესებს კომპიუტერულ უნარებს, ხოლო მეხუთედზე მეტი სასკოლო ნიშნებს.
ამწუთას 48 ბავშვი მოლოდინშია. ისინი მზად არიან, ისწავლონ, გაიცნონ სამყარო და მომავალი დაგეგმონ - მათი „ჩართვა“ კი ჩვენზეა დამოკიდებული.
ფასს მყიდველი ირჩევს. რაც უფრო მეტს გადაიხდი, მით მეტი თანხა მოხმარდება მოსწავლეების მხარდაჭერას:
გადაიხადე რამდენიც გინდა, დაუფინანსე კომპიუტერი და ინტერნეტი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს და გახადე განათლება ხელმისაწვდომი.
#ერთადგანათლებისთვის #გაუზიარეშესაძლებლობა
„გამომცემლობა პალიტრა L“ 2005 წელს დაარსდა და დღეს საქართველოს საგამომცემლო ბაზრის უდიდესი მოთამაშეა. მისი წიგნები ყველგან ხვდება მკითხველს: წიგნის მაღაზიებში, სუპერმარკეტებში, აფთიაქებსა და ონლაინ პლატფორმებზე. გამომცემლობა თანამშრომლობს Disney-სთან, Penguin Random House-თან, HarperCollins-თან და სხვა საერთაშორისო გამომცემლებთან.
21 წლის განმავლობაში „პალიტრა L-მა“ ქართველ მკითხველს მსოფლიოს წამყვანი ავტორები გააცნო, შექმნა სამგანზომილებიანი და ინტერაქციული საბავშვო წიგნები და „გუნდას აუდიოწიგნები“. ხოლო პროექტმა „მაკულიტერატურა“ 150,000-ზე მეტი ხე გადაარჩინა.
პროექტი „ჩართე” საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ს საქველმოქმედო პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, დაუფინანსოს ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს.
პროექტი თანამშრომლობს სკოლებთან, ამოიცნობს და სტუმრობს სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს რეგიონებში, კონფლიქტისპირა სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში. ონლაინ შემომწირველების, კორპორატიული დონორებისა და საგრანტო დაფინანსებით „ჩართე“ ყიდულობს ლეპტოპებს, ინტერნეტ-სერვისის პროვაიდერ კომპანიებთან თანამშრომლობითა და ონლაინ შემომწირველების მხარდაჭერით კი პროექტი მოსწავლეებს ურთავს ინტერნეტს.
პროექტის ფარგლებში 3 551 მოსწავლეს უკვე დაუფინანსდა ყოველთვიური ინტერნეტი და გადაეცა ლეპტოპები. „ჩართული“ მოსწავლეები იღებენ საგანმანათლებლო რესურსებით ჩატვირთულ ლეპტოპებს, უფასო წვდომას „ჩართეს“ პარტნიორი პლატფორმების საგანმანათლებლო მასალაზე და მუდმივ ტექნიკურ-საგანმანათლებლო ონლაინ მხარდაჭერას „ჩართეს“ გუნდისგან.
R