ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს და ამჯერად, ნატა ვიბლიანის მხარდამჭერებს მიმართავს. ტარიელ კაკაბაძე ჰყვება თუ რატომ აღარ არის ნატა ვიბლიანის ადვოკატი, მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მისი მისამართით წამოვიდა ბრალდებები, მას ადვოკატის ეთიკა აღარ აძლევდა უფლებას დარჩენილიყო დაზარალებულის ადვოკატად.
"მინდა, საზოგადოებას გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ძალიან ბევრ მესიჯს ვიღებ და ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებ. ასევე მინდა მივმართო ნატა ვიბლიანის მხარდამჭერებს და ჩავაყენო საქმის კურსში. მინდა, პირველ რიგში შეგახსენოთ, რომ მე არ გამიკეთებია თვითაცილება ამ საქმიდან. ნატა ვიბლიანმა თავად გადაწყვიტა, რომ არ სჭირდებოდა ადვოკატები.
ორი კვირის განმავლობაში მეც და სხვა ადვოკატებსაც გვეუბნება, რომ სურს ჩვენი აცილება, არ სურს საერთოდ ადვოკატი. ისიც კი თქვა რამდენჯერმე, რომ საერთოდ გამოძიების გაგრძელებაც კი არ უნდა. მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთხელ დააფიქსირა ჩვენთან მსგავსი პოზიცია, ჩვენ მაინც ვცდილობდით, რომ გვქონოდა კომუნიკაცია დიპლომატიურად, ადამიანურად, გვესაუბრა მასთან და მინდოდა, რომ გამეგრძელებინა მუშაობა ამ საქმეზე, საქმის დასრულებამდე, რადგანაც ყველა საქმეში, სადაც მე ვყოფილვარ, საქმის დასრულებამდე ვიცავ ყველას, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს საქმე და არასდროს საქმე არ შემიწყვეტია მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში.
თუმცა ბოლო დღეებში უკვე განსაკუთრებულად აგრესიული გახდა და რამდენიმე დღის განმავლობაში კი ჩემი საწინააღმდეგო ღირსების შემლახავი პოსტებიც და კომენტარებიც კი დაწერა. ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობის თანახმად პირდაპირ ვალდებული ვარ, რომ ჩამოვცილდე საქმეს.
როდესაც კლიენტს არ სურს ადვოკატი, შენ არა თუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული ხარ ჩამოსცილდე სისხლის სამართლის საქმეს. რატომ გახდა ასე უცებ ნატა ვიბლიანი აგრესიული ჩემს მიმართ? მას კონტაქტი აქვს ბოლო დღეებში, კომუნიკაცია აქვს ირაკლი ჯანყარაშვილთან.
ეს არის ადამიანი, რომელიც კარგად მოეხსენება მთელ საქართველოს, 50 ლარი რომ მისცე, დედამისზეც კი სამარცხვინო პოსტს დაწერს. და ამით ირჩენს თავს. აი, ასეთი პიროვნება არის ირაკლი ჯანყარაშვილი, რომელიც იმართება საზღვარგარეთ მცხოვრები პირებისგან.
ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აშავებდა ნატა ვიბლიანს, ლანძღავდა, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა, ასევე მე, როგორც მის ადვოკატს და დღეს ვხედავ, რომ ნატა ვიბლიანი დაუმეგობრდა ირაკლი ჯანყარაშვილს, კონტაქტზეა მასთან და სწორედ ამის შემდეგ გახდა აგრესიული და ამის შემდეგ უკვე მოითხოვა ჩვენი ჩამოცილება ნატა ვიბლიანმა. მე მინდა მოგმართოთ ნატას მხარდამჭერებს, რომ რომ ყურადღება მიაქციეთ ნატას. პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს ადამიანი დაღუპავს ნატა ვიბლიანს.
პერსპექტივა საქმეში ნამდვილად არსებობდა. პროკურატურა გვეუბნება, რომ დაიდება შედეგი, გვეუბნებოდა, საქმე, ფაქტობრივად, დასრულებულია ძირითადი საგამოძიებო მოქმედები. გარკვეული საკითხები იყო დარჩენილი, თუმცა ნატამ მოითხოვა ჩვენი აცილებაც, გამომძიებლის აცილებაც, პროკურორის აცილებაც და წამოაყენა ესეც სხვების დავალებით, დარწმუნებული ვარ, რაღაც საოცარი მოთხოვნები, მაგალითად, რომ არ უნდა იყოს არცერთი გამომძიებელი, მეგრელი, სვანი და ასე შემდეგ, რაღაც საოცარი მოთხოვნები მოვისმინეთ.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ, რომ მხარი კი არ უნდა დავუჭიროთ მის, აბსოლუტურად, მიუღებელ გადაწყვეტილებებს, არამედ პირიქით უნდა მისცეთ სწორი რჩევები, ადვოკატის გარეშე დატოვება ადამიანისა, რომელიც დაზარალებულად ვაცნობინეთ, რომლის წინააღმდეგაც ასევე უამრავი საჩივარი შევიდა, ყველგან ჩვენ ვიცავდით უანგაროდ და ამ ყველაფრის გარეშე დატოვება, დაცვის გარეშე დატოვება მისთვის ნამდვილად არ არის კარგი. მინდ,ა რომ გისურვოთ წარმატებები.
მე ვიცი რომ ნატა ვიბლიანის მხარდამჭერებს მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ზრახვები გაქვთ. მინდა გისურვოთ წარმატებები. მინდა, რომ რა თქმა უნდა, ნატასაც ვუსურვო წარმატებები და მართლმსაჯულებამ იზეიმოს. მე, უბრალოდ, ვალდებული გავხდი ადვოკატის ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე, კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომ ჩამოვცილებოდი საქმეს, მას შემდეგ, რაც მივიღე არაერთი მოთხოვნა ნატა ვიბლიანისგან. თუ ვინ მართავს იმ პიროვნებას, ვინც ასევე მართავს ნატა ვიბლიანს, ამ ყველაფერზე საზოგადოება აუცილებლად გაიგებს და თქვენც ყველაფერს ძალიან კარგად მიხვდებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა თქვენგანის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ადვოკატებმა, ტარიელ კაკაბაძემ და ნუცა თოფურიამ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ნატა ვიბლიანის დაცვა შეწყვიტეს, რადგან ეს უკანასკნელი მათ აშანტაჟებდა და არაადეკვატურ მოთხოვნებს უყენებდა მათ. მათი ინფორმაციით, ვიბლიანი თამუნა მუსერიძის დაკავებას და სხვა "აბსურდულ საკითხებს" ითხოვდა.
ცნობისთვის, ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.