ავტორი:

Google-ი Gmail-ის მომხმარებლებს ახალი, საშიში ჰაკერული ვირუსის შესახებ აფრთხილებს - რას წარმოადგენს Remus Stealer-ი და როგორ იპარავს ის პირად მონაცემებს?

Google-ი Gmail-ის მომხმარებლებს ახალი, საშიში ჰაკერული ვირუსის შესახებ აფრთხილებს - რას წარმოადგენს Remus Stealer-ი და როგორ იპარავს ის პირად მონაცემებს?

მსოფლიოს უდიდესი საძიებო გიგანტი Google-ი Gmail-ის მილიონობით მომხმარებელს აფრთხილებს, სასწრაფოდ გადაამოწმონ ანგარიშის უსაფრთხოების პარამეტრები, რადგან ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ახალი, საშიში ჰაკერული ინსტრუმენტი “Remus Stealer“. კიბერუსაფრთხოების ექსპერტების ცნობით, ეს მავნე პროგრამა ჰაკერებს საშუალებას აძლევს, პირად ელფოსტაზე წვდომა პაროლის შეცვლისა და ბრაუზერის დახურვის შემდეგაც შეინარჩუნონ.

კიბერუსაფრთხოების კომპანია Hudson Rock-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ჰაკერულ ფორუმებზე აქტიურად იყიდება ახალი პროგრამა Remus Stealer-ი. ჰაკერები ამ სერვისს თვეში 1,000 ამერიკულ დოლარად სთავაზობენ დამნაშავეებს, რის სანაცვლოდაც მსხვერპლთა Gmail-ის პირად ინბოქსებზე უნებართვო წვდომას პირდაპირ საკონტროლო პანელიდან აძლევენ.

პროგრამის დეველოპერები აცხადებენ, რომ კიბერდამნაშავეებს შეუძლიათ შეინარჩუნონ წვდომა შეტყობინებებზე მაშინაც კი, როდესაც მომხმარებელი Google-ის პაროლს შეცვლის ან ვებ-ბრაუზერს დახურავს. Hudson Rock-ის მკვლევრები დაუკავშირდნენ Remus Stealer-ის 1.3.9 ვერსიის დეველოპერსა და ერთ-ერთ მომხმარებელს, რომელმაც დაადასტურა, რომ გატეხილ ელფოსტაზე წვდომა პაროლის განახლების შემდეგაც არ შეწყვეტილა.

Infostealer ტიპის მავნე პროგრამები, როგორც წესი, ინფიცირებული მოწყობილობებიდან სენსიტიურ მონაცემებს, მათ შორის პაროლებსა და შესასვლელ მონაცემებს აგროვებენ. მოწყობილობების დაინფიცირება ძირითადად ხდება ლეგიტიმური პროგრამების საფარქვეშ ჩამოტვირთული ფაილებით.

Remus Stealer-ის მომხმარებლის განცხადებით, აპლიკაციას შეუძლია მესამე მხარის ონლაინ სერვისების ვერიფიკაციის კოდების მიტაცება ბრაუზერის Cookie ფაილების შეგროვების გარეშეც. ინტერფეისის ფოტოებიდან ირკვევა, რომ ჰაკერები იღებენ არა უბრალოდ ცალკეულ კოდებს, არამედ მთლიანი ინბოქსის საძიებო სისტემას, სადაც შეუძლიათ ეძებონ წერილის შინაარსი, გამგზავნის დეტალები და თარიღები.

ამასთან, ელფოსტაზე უნებართვო წვდომამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მომხმარებლის სხვა ონლაინ ანგარიშებსაც, რადგან ჰაკერებს შეუძლიათ პაროლის აღდგენის ბმულებისა და დადასტურების კოდების მიღება.

კომპანია და უსაფრთხოების ექსპერტები მომხმარებლებს ურჩევენ:

დაუყოვნებლივ განაახლონ პაროლები და გაათიშონ ყველა უცნობი აქტიური სესია;

გადაამოწმონ ანგარიშის პარამეტრები, მათ შორის წერილების გადამისამართების წესები და ფილტრები;

შეამოწმონ ანგარიშის აღდგენის პარამეტრები და მესამე მხარის აპლიკაციების ნებართვები, რათა დარწმუნდნენ, რომ უნებართვო ცვლილებები არ განხორციელებულა.

წყარო