ესპანეთში ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველი საყოველთაო გაფიცვა და მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელთა მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი ქვეყანაში შექმნილი მძიმე საბინაო კრიზისი და ქირის ზრდა გახდა. პროტესტს ქვეყნის უმსხვილესმა პროფკავშირებმა (UGT და CCOO) ერთობლივად დაუჭირეს მხარი.
BBC-ის ინფორმაციით, დედაქალაქ მადრიდში დემონსტრაციას დაახლოებით 120 000 ადამიანი შეუერთდა, ბარსელონაში კი - 50 000-ზე მეტი, სადაც საყოველთაო გაფიცვის დროს გამართული დემონსტრაციებისას, ნიღბიანი მამაკაცების ჯგუფებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
კადრებში ჩანს, როგორ უკიდებენ ცეცხლს ნაგვის ურნებს ნიღბიანი პირები და ამსხვრევენ მაღაზიების ვიტრინებს, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს.

ოთხშაბათს საღამოს ბარსელონას ცენტრში პოლიციის დიდი ძალები იყო მობილიზებული; სამართალდამცველებს ჩაფხუტები ეხურათ და სპეციალური ფარებით იყვნენ აღჭურვილები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ადამიანთა ჯგუფმა პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკა გაუშვა, ასევე გაძარცვეს მაღაზიები, მათ შორის, Lego-ს მაღაზია. გარდა ამისა, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომიტინგეები Apple Store-ში შეღწევას ცდილობდნენ. კატალონიის პოლიციამ არეულობასთან დაკავშირებით 50 ადამიანი დააკავა.

ესპანეთში კრიზისის მასშტაბებს ეკონომიკური მონაცემებიც ადასტურებს: ცენტრალური ბანკის ცნობით, ესპანეთში ამჟამად დაახლოებით 750 ათასი სახლის დეფიციტია, ხოლო 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი ერთ მილიონზე მეტს მიაღწევს. მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა მადრიდში 87 წლის ქალის იძულებითმა გამოსახლებამ და მისმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ, რამაც საზოგადოების რისხვა გამოიწვია.

შექმნილმა ვითარებამ ღრმა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში პარლამენტმა უარყო სამთავრობო ინიციატივები გამოსახლებების შეზღუდვისა და ქირის კონტროლის შესახებ, მძაფრმა პროტესტმა პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აიძულა, 29 ნოემბრისთვის ვადამდელი არჩევნები დაენიშნა. მმართველი სოციალისტური პარტია მხარს უჭერს პროტესტანტებს და პასუხისმგებლობას მემარჯვენე ოპოზიციას აკისრებს, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა (მათ შორის კატალონიის ლიდერმა სალვადორ ილიამ და ბარსელონის მერმა ჟაუმე კოლბონმა) მკაცრად დაგმეს ვანდალიზმი და განაცხადეს, რომ დამნაშავეები კანონის წინაშე პასუხს აგებენ.