ავტორი:

დანაშაული სოფელ ზემო ხანდაკში: თანასოფლელებს შორის შელაპარაკება დაჭრით დასრულდა - რა ხდება ცნობილი?

დანაშაული სოფელ ზემო ხანდაკში: თანასოფლელებს შორის შელაპარაკება დაჭრით დასრულდა - რა ხდება ცნობილი?

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში მამაკაცი დაჭრეს.

თანასოფლელების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი უკვე დააკავეს.

როგორც შსს-ს განცხადებიდან ირკვევა, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ასევე ამოიღო სხვადასხვა კალიბრის ვაზნები და მცირეკალიბრიანი შაშხანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.