იტალიის ქალაქ ნეაპოლში პოლიციამ 53 წლის ქართველი ქალი დააკავა, რომელსაც ძარცვაში მონაწილეობას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, ქალმა ოჯახში მომვლელად მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, სახლის მეპატრონეებს ლობიოს წვნიანი მოუმზადა, რომელშიც საძილე მოქმედების პრეპარატი შეურია. მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა საკვები მიირთვეს და პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ, სახლიდან 50 000 ევრო ნაღდი ფული და დაახლოებით 100 000 ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები გაუჩინარდა. საერთო ზარალმა 150 000 ევრო შეადგინა.
ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA და გამოცემა Open ავრცელებენ.
შემთხვევა მიმდინარე წლის ივნისში, ნეაპოლის პიედიგროტას უბანში მოხდა. დანაშაულის მსხვერპლი წყვილი და კიდევ ერთი ხანდაზმული ქალი გახდა, რომელიც იმავე საცხოვრებელში იმყოფებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, 53 წლის ქალი ოჯახში მომვლელად მუშაობდა და ძარცვის მომენტისთვის იქ სულ რამდენიმე დღის მისული იყო. სავარაუდოდ, მან ოჯახის წევრებს ლობიოს წვნიანი მიართვა, რომელშიც ნარკოტიკული მოქმედების ნივთიერება იყო შერეული. საკვების მიღების შემდეგ დაზარალებულები პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ, რის შემდეგაც სახლიდან დიდი ოდენობით ფული და ძვირფასეულობა წაიღეს.
საქმის გამოძიებას ნეაპოლის პოლიციის სამმართველოს მობილური დანაყოფი და სან ფერდინანდოს პოლიციის განყოფილება აწარმოებდნენ.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის დასადგენად დაზარალებულების მიერ მიწოდებული აღწერილობები და კრიმინალისტიკური ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილზე ჩატარებული დათვალიერების შედეგები გამოიყენეს.
გამოძიების ფარგლებში პოლიციამ დაადგინა, რომ ქალი ძარცვის დროს ამ სახლში მომვლელად მუშაობდა, თუმცა შემთხვევიდან მალევე გაუჩინარდა და მიმალვა მოახერხა.
პოლიციელებმა მისი ადგილსამყოფლის დადგენა შეძლეს და დააკავეს.
სამართალდამცველების ცნობით, დაკავების მომენტში ქალს აღმოაჩნდა ფლაკონი, რომელშიც ის საძილე მოქმედების პრეპარატი იყო მოთავსებული, რომელიც დაზარალებულების მიერ მიღებულ ლობიოს წვნიანშიც აღმოაჩინეს.
გარდა ამისა, მას თან ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელზეც მისი ფოტოსურათი იყო დატანილი, თუმცა დოკუმენტი სხვა პირის სახელზე იყო გაცემული და ყალბი აღმოჩნდა.
ქალს ძარცვაში სავარაუდო მონაწილეობასთან ერთად ყალბი დოკუმენტის ფლობის გამოც ედავებიან. პოლიციამ მის მიმართ დაკავების ღონისძიება გამოიყენა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, სასამართლომ დაკავება კანონიერად ცნო და ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება გრძელდება. ქალის ბრალეულობა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით უნდა დადასტურდეს.