ავტორი:

ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში ყოფილმა სიძემ დახოცა - ოჰაიოს შტატში მომხდარი ორმაგი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი?

ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში ყოფილმა სიძემ დახოცა - ოჰაიოს შტატში მომხდარი ორმაგი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი?

ოჰაიოს შტატში, საკუთარ სახლში, 71 წლის ცოლ-ქმარი მოკლეს. პოლიციის ცნობით, ემილია და სორინ კიორტანებს ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილმა სიძემ მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მათ ქალიშვილთან განქორწინებას 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ ეგუებოდა.

ინციდენტი სამშაბათს, ქალაქ ჩრდილოეთ როიალტონში მოხდა. პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი ტელეკომპანია WKYC-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 71 წლის ემილიასა და სორინის ცხედრები საკუთარ სახლში, საღამოს 8 საათზე აღმოაჩინეს.

ხელისუფლებას ქალიშვილმა მას შემდეგ მიმართა, რაც მშობლებთან დაკავშირება ვერ შეძლო და მათი სახლის ეზოში ყოფილი ქმრის ავტომობილი შენიშნა.

"ჩვენ განქორწინებულები ვართ, ის კი რუმინეთიდან დაბრუნდა. დაახლოებით ერთი თვეა, რაც აქ არის. ძალიან უცნაურად იქცევა“, - უთხრა მან 911-ის ოპერატორს.

მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა სახლში მყოფებთან დაკავშირება ვერ შეძლეს, საცხოვრებელში შევიდნენ. სამართალდამცველებმა ემილია კიორტანი სასადილო ოთახში იპოვეს - მას ცეცხლსასროლი იარაღით თავში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. მისი მეუღლე, სორინ კიორტანი, ზედა სართულის მისაღებ ოთახში აღმოაჩინეს.

მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე სამხრეთ-დასავლეთის სააღსრულებო ბიუროს ტაქტიკური დანაყოფი მივიდა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ცხედარი სახლის ქვედა სართულზე იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

წყარო