საზღვარგარეთ უნივერსიტეტში სწავლა ბევრი ქართველი მოსწავლისა და მშობლისთვის მნიშვნელოვანი მიზანია. თუმცა, ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ უნივერსიტეტის შერჩევითა და მისაღები გამოცდებისთვის მომზადებით არ იწყება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის საგანმანათლებლო გარემო და აკადემიური გამოცდილება, რომელსაც მოზარდი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში იღებს.
ამერიკული განათლების სისტემა მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას, ადრეული ასაკიდანვე განივითარონ კრიტიკული აზროვნება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების, კვლევისა და პრობლემების გადაჭრის უნარები. ამასთან, სწავლის პროცესი მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებით არ შემოიფარგლება და ახალგაზრდებს საკუთარი ინტერესების აღმოჩენისა და მომავალი პროფესიული მიმართულების განსაზღვრაში ეხმარება.
საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობა დღეს უკვე საქართველოშიც არსებობს. წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ამერიკულ სადიპლომო პროგრამას (American Diploma Program – ADP), რომელიც ამერიკული საგანმანათლებლო პრინციპებისა და აკადემიური სტანდარტების საფუძველზე ხორციელდება. რას გულისხმობს პროგრამა, რით განსხვავდება ტრადიციული სასკოლო მოდელისგან, რა შესაძლებლობებს ქმნის მოსწავლეებისთვის და როგორ ეხმარება მათ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაში - ამ საკითხებზე ამერიკული სადიპლომო პროგრამის მენეჯერი თამარ გერმანაშვილი გვესაუბრება.

რას გულისხმობს ამერიკული სადიპლომო პროგრამა, რა არის მისი მთავარი მიზანი და რით განსხვავდება ის ტრადიციული სასკოლო მოდელისგან?
თუ მოსწავლე სკოლის დამთავრების შემდეგ გეგმავს საქართველოს საზღვრებს გარეთ ინგლისურ ენაზე სწავლის გაგრძელებას, იქნება ეს პროფესიული თუ უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, ამერიკული სადიპლომო პროგრამა (ADP) მისთვისაა. პროგრამა მოსწავლეს სთავაზობს აკადემიურად სტრუქტურირებულ, პრაქტიკულ და საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლაზე ორიენტირებულ სასწავლო გამოცდილებას. ეს არის ამერიკულ საგანმანათლებლო პრინციპებზე დაფუძნებული საშუალო განათლების პროგრამა, რომლის წარმატებით დასრულება მოსწავლეებს აშშ-ის, ევროპისა და აზიის პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.
პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აკადემიური ინგლისურის განვითარებას, ინფორმაციის კრიტიკულ გააზრებას, კვლევითი ნაშრომების მომზადებასა და ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. მრავალფეროვანი შეფასების სისტემა მოსწავლის პროგრესს აფასებს არა მხოლოდ ტესტებით, არამედ პროექტებით, წერითი დავალებებითა და პრეზენტაციებითაც.
როგორია ADP-ის კურიკულუმი? რა დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს იგი მოსწავლეებს და როგორ ფასდება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება?
ADP-ის კურიკულუმი ეფუძნება ამერიკული საშუალო განათლების საგნობრივ სტრუქტურასა და აკადემიურ სტანდარტებს. ამერიკულ განათლებაში ფართოდ გამოიყენება Common Core State Standards (CCSS), რომლებიც ინგლისურ ენასა და მათემატიკაში განსაზღვრავს მოსალოდნელ ცოდნასა და უნარებს, და Next Generation Science Standards (NGSS), რომლებიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში განსაზღვრავს კვლევას, მონაცემების ანალიზს, სამეცნიერო ახსნასა და საინჟინრო აზროვნებას.
სკოლას ასევე მოპოვებული აქვს College Board-ის ავტორიზაცია და ახორციელებს Advanced Placement (AP) პროგრამას. AP წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას, რომელიც აკადემიურად მომზადებულ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, საშუალო სკოლაშივე შეისწავლონ საუნივერსიტეტო დონის მასალა და ცოდნა სტანდარტიზებული გამოცდით დაადასტურონ. გამოცდის შედეგების მიხედვით, ზოგიერთ უნივერსიტეტში მათ შეუძლიათ მიიღონ კრედიტები ან გამოტოვონ შესაბამისი საწყისი კურსი.
ADP-ში გამოიყენება საუნივერსიტეტო შეფასების ანალოგიური სისტემა, რაც გულისხმობს მრავალკომპონენტიან 100-ქულიან შეფასებას, კრედიტებსა და GPA-ის.
როგორ მოხდა სკოლაში პროგრამის დანერგვა და რა ტიპის აკრედიტაცია ან ავტორიზაცია აქვს მას? როგორ უზრუნველყოფს სკოლა სწავლების ხარისხსა და პროგრამის სტანდარტებთან შესაბამისობას?
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ამერიკულ საერთაშორისო ორგანიზაცია Cognia-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2024 წელს გაფორმდა. იგი ითვალისწინებს საქართველოში განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების American International Accreditation Protocol-ის აღიარებას. ამ ეტაპზე წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში ADP ორ საფეხურზე ხორციელდება. სამომავლოდ კი სკოლაში პროგრამის განხორციელება ყველა საფეხურზე იგეგმება.
პროგრამის დანერგვა სკოლის განვითარების სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო. შიდასასკოლო გამოკითხვებმა გამოავლინა საერთაშორისო პროგრამების დანერგვის აუცილებლობა. ეს პროცესი მოითხოვდა არა მხოლოდ ახალი საგნების დამატებას ან სწავლების ენის შეცვლას, არამედ კურიკულუმის, შეფასების სისტემის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, აკადემიური ადმინისტრირებისა და ხარისხის კონტროლის ერთიანად დაგეგმვას.
სწავლების ხარისხისა და პროგრამის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად სკოლა შემდეგ ღონისძიებებს მიმართავს: კურიკულუმის რეგულარული გადახედვა, სწავლების პროცესზე დაკვირვება და მასწავლებელთა მხარდაჭერა, შეფასების სამართლიანობა და გამჭვირვალობა, მოსწავლეთა პროგრესის სისტემური მონიტორინგი, აკადემიური დოკუმენტაციისა და დამამთავრებელი მოთხოვნების კონტროლი, სასწავლო რესურსებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, წლიური თვითშეფასება და პროგრამის გაუმჯობესება.

როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს პროგრამაში ჩართვა?
ამ ეტაპზე პროგრამა ხორციელდება VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის. ჩარიცხვის პროცესი მოიცავს რამდენიმე თანმიმდევრულ ეტაპს: საინფორმაციო შეხვედრასა და კონსულტაციას, რომლის დროსაც მოსწავლე და მშობელი ეცნობიან პროგრამის მიზნებს, სასწავლო გეგმას, სწავლების ენას, შეფასების სისტემასა და კრედიტებისა და სავალდებულო საგნების ჩამონათვალს, რომელიც მოსწავლემ ატესტატის ასაღებად უნდა დააგროვოს. მოსწავლის აკადემიური ისტორიისა და წინა სასწავლო შედეგების განხილვას; საჭიროების შემთხვევაში, ინგლისური ენისა და საგნობრივი მზაობის შეფასებას; პროგრამის აკადემიური მოთხოვნებისა და მოსწავლის ინტერესებისა და მიზნების შესაბამისობის განსაზღვრას; და, საბოლოოდ, სასწავლო გეგმის შეთანხმებასა და შესაბამისი აკადემიური მხარდაჭერის დაგეგმვას.
2027-2028 აკადემიური წლისათვის უკვე დაწყებულია მოსწავლეთა რეგისტრაცია. დაინტერესებულა პირებმა უნდა მიმართონ სკოლას.
რა შესაძლებლობებს აძლევს ADP-ის დასრულება მოსწავლეს უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისას? რა ტიპის სერტიფიკატს იღებს მოსწავლე დასრულების შემდეგ?
ამერიკული სადიპლომო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს ინგლისურენოვან დიპლომსა და ნიშნების ფურცელს, რომელიც ასახავს გავლილ კურსებს, შეფასებებსა და GPA-ს. უნივერსიტეტები ხშირად ითვალისწინებენ აგრეთვე არჩეული AP კურსების აკადემიურ სირთულესა და მოსწავლის მიღწევებს.
AP საგნების გავლა მოსწავლეს დამატებით დამამთავრებელ კრედიტს ანიჭებს. საგნის გავლის შემდეგ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, ჩააბაროს კონკრეტული საგნის სტანდარტიზებული გამოცდა. AP საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ზოგიერთი უნივერსიტეტი სტუდენტს შესაბამის საგანში კრედიტს ანიჭებს, ზოგი კი გამოცდის შედეგს იყენებს აკადემიური მომზადების დონის შესაფასებლად ან სტუდენტის შესაბამის კურსზე განაწილებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტების მიდგომა განსხვავებულია და მოსწავლემ თავად უნდა მოიძიოს კონკრეტული უნივერსიტეტის მოთხოვნები.
სკოლა კარიერული დაგეგმვის ფარგლებში მოსწავლეებს ეხმარება უნივერსიტეტების შერჩევაში, მოთხოვნების შესწავლაში, აკადემიური დოკუმენტაციისა და სამოტივაციო ესეების მომზადებაში, რეკომენდაციების მიღებასა და სტიპენდიების შესაძლებლობების მოძიებაში.
ADP-ის ფარგლებში გაცემული დიპლომი საქართველოს ტერიტორიაზე გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და მის მფლობელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.
R