ავტორი:

შეხვედრა დავით აღმაშენებელთან, ფიროსმანთან, რუსთაველთან და კლოდ მონესთან - რას მოგვითხრობს ახალი ფილმი, სადაც ქართველი წყვილი “ვეფხისტყაოსანში“ აღწერილი მიჯნურობის თვისებების საძიებლად დროში მოგზაურობს

შეხვედრა დავით აღმაშენებელთან, ფიროსმანთან, რუსთაველთან და კლოდ მონესთან - რას მოგვითხრობს ახალი ფილმი, სადაც ქართველი წყვილი “ვეფხისტყაოსანში“ აღწერილი მიჯნურობის თვისებების საძიებლად დროში მოგზაურობს

ქარი და ონია რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ისტორიულ-რომანტიკული ფილმის - “გააზიარე სიყვარული“ (Share The Love) მთავარი პერსონაჟები არიან. ისინი მოგზაურობენ შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანში“ აღწერილი მიჯნურობის 10 თვისების საძიებლად. მათი ისტორია აერთიანებს სიყვარულის თემასა და საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, მათ შორის, დავით აღმაშენებლის ეპოქას.

ფილმის სცენები გადაღებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და ისტორიულ ადგილას, მათ შორის - რაჭასა და თბილისის ქაშუეთის ტაძარში. გადაღებები მიმდინარეობდა თბილისში, ქუთაისში, საგარეჯოში, ხაშურში, ახალციხის მუზეუმში, რაჭაში, ასევე პარიზში, ხვამლის მთაზე.

დანარჩენს კი თავად რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე გვიამბობს, რომელიც აგრეთვე ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცი“ გახლავთ.

რეჟისორი ნიკოლოს ხომასურიძე

- ნიკოლოზ, თქვენს ახალ ფილმში მაყურებელი ისტორიულ გმირებს ხვდება. რა გვეტყვით ამ ნამუშევრის იდეასა და თქვენი, როგორც რეჟისორის მთავარ სათქმელზე...

- ფილმის მთავარი სათქმელი სიყვარული, მიჯნურობაა - იმაზეა, თუ როგორ მოგზაურობენ ძირითადი გმირები, ქარი და ონია დროისა და სივრცის მიღმა. ისინი ხვდებიან სხვადასხვა ისტორიულ პერსონაჟებს და სწავლობენ იმ აუცილებელ თვისებებს, რომლებიც მიჯნურობის ზღვარზეა საჭირო. ეს ყველაფერი შესანიშნავად აქვს აღწერილი შოთა რუსთველს “ვეფხისტყაოსანში“:

  • “მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა,
  • სიბრძნე, სიუხვე, სიმდაბლე, სიყმე და მოცალეობა,
  • ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა,
  • ვისაც ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.”

გმირები აგროვებენ მიჯნურობის ამ თვისებებს და თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს. ეს მართლა ძალიან საინტერესო თავგადასავალია დროისა და სივრცის მიღმა.

- საინტერესო კონცეფციაა, როდესაც ერთ სივრცეში ხვდებიან შოთა რუსთველი, ფიროსმანი, კლოდ მონე და ეპოქები, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან შორს დგას. რა პრინციპით შეკრიბეთ ეს პერსონაჟები ერთად?

- ეს რეჟისორის ხედვაა... ფილმში დროში გადასვლის პირველი წერტილი დავით აღმშენებელთან იწყება, რაც მძლეთა მებრძოლთა მძლეობასა და გონიერებას უკავშირდება. შემდეგ არის ფიროსმანისა და მარგარიტას სიყვარულის ისტორია, ოსტატი და მარგარიტა, გალაკტიონი, დავით სარაჯიშვილი (რომელიც სიუხვესა და სიმდაბლეს განასახიერებს), თავად რუსთველი და ცნობილი ფრანგი მხატვარი, იმპრესიონისტი კლოდ მონე.

რაც შეეხება მოულოდნელ გადასვლებს - მაგალითად, კოვიდპანდემიის პერიოდს: ფილმის მთავარი გმირები სრულიად სხვა ქვეყანაში, კარანტინის დროს ხვდებიან ერთმანეთს, როდესაც ორკვირიან იზოლაციაში აღმოჩნდებიან სხვადასხვა ქალაქში (თბილისსა და ქუთაისში) და მათი ურთიერთობაც სწორედ აქედან იწყება...

ონია და ქარი

ფილმში ასევე წარმოდგენილია უძველესი კავკასიური სუნთქვითი და საბრძოლო სისტემები, რომელსაც ხშირად იოგას ეძახიან. რეალურად, ეს ქართული ფესვების მქონე ტექნიკებია. მაყურებელი გაიგებს, თუ რა იმალება ამ სიტყვის “იოგა“ უკან და რას ნიშნავს ის რეალურად.

ერთ-ერთმა ჩვენმა მხარდამჭერმა, ირაკლი აფრიდონიძემ, ძალიან ზუსტად თქვა: “ვისაც ერთხელ მაინც შეუსვამს სიყვარულის სადღეგრძელო, ყველამ უნდა ნახოს ეს ფილმიო“. მეც სრულად ვეთანხმები.

- თუ შევაჯამებთ, რა არის ფილმის მთავარი ფილოსოფიური დასკვნა?

- ფილმის ბოლოს ნაჩვენებია რუსთველისა და ქარის შეხვედრა დროში მოგზაურობისას, სადაც მიმდინარეობს პოეტური დიალოგი კლასიკურ და თანამედროვე პოეზიას შორის. იქვე იშლება მარადიული სიყვარულის, ადამიანისა და ღმერთის ერთობის თემაც.

მაყურებლისგან ძალიან დიდ დადებით ემოციებს ვიღებთ. ბევრი აღნიშნავს, რომ იმდენი ახალი რამ შეიტყვეს და ფილმმა იმდენი მნიშვნელოვანი გზავნილი დაუტოვა, რომ ერთხელ ნახვა არ არის საკმარისი.

- სად შეუძლია მაყურებელს ამ ეტაპზე ფილმის ნახვა და რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

- ამჟამად ფილმი კინოთეატრებში გადის, თუმცა ჩვენება მალე დასრულდება. თავიდან პროექტი სერიალის ფორმატით იყო ჩაფიქრებული, რადგან სხვადასხვა გმირისა და ისტორიისთვის ცალკეული ეპიზოდები იგეგმებოდა. ვინაიდან კიდევ ბევრი საინტერესო ქართველი თუ უცხოელი მოღვაწის ისტორიაა გასაცოცხლებელი, ვგეგმავ, რომ პროექტი მალე სერიალის სახითაც წარვუდგინო მაყურებელს ჩვენს YouTube-გვერდზე. ფილმის საერთო ქრონომეტრაჟი ჯერჯერობით ორი საათია და მას რამდენიმე ნაწილად დავყოფთ.

სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ამ პროექტზე - ისევე, როგორც “ექვთიმე ღვთისკაცის“ დროს. ფილმი ძირითადად ჩემი და ჩემი მეგობრების, ასევე საზოგადოების ერთობლივი, შემოწირულებებითა და მხარდაჭერით შეიქმნა. მადლობას ვუხდი მთელ შემოქმედებით ჯგუფსა და თითოეულ მონაწილეს.

- როლებში ვინ არიან?

- მთავარ როლებში არიან ელისაბედ ბერიშვილი (ქარი ჭელიძე) და გიორგი გილიგაშვილი (ონია მეტრეველი). მინდოდა ისეთი მსახიობები შემერჩია, რომლებიც ფართო მაყურებლისთვის ახალი სახეები იქნებოდნენ.

რაც შეეხება სხვა პერსონაჟებს:

ფილმში მთავარ და მთავარ ისტორიულ როლებს ასრულებენ შემდეგი მსახიობები:

ვახო ჩაჩანიძე - შოთა რუსთველია, ლაშა კანკავა - გიორგი ჭყონდიდელი, გიორგი დარჩიაშვილი - ადამ ფორაქიშვილი, ირაკლი ჯაფარიძე - ნიკო ფიროსმანი, გიორგი თურქიაშვილი - დავით სარაჯიშვილი - ივანე ენიკო ლაპაშვილი - გიორგი დევაძე, ლაშა პატაშური - კლოდ მონე.

- სამომავლო გეგმებზეც გვითხარით...

- უკვე ვმუშაობთ ახალ მასშტაბურ პროექტზე - სერიალზე ილია ჭავჭავაძისა და იმ ეპოქის სხვა ეროვნული გმირების შესახებ (სერიის სახელწოდებაა “ერის კაცები“). ილიას შესწავლისას იმდენი მასალა დავამუშავე, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ეს ყველაფერი ერთ ფილმში ჩაეტიოს. ამ პროექტში აუცილებლად გაცოცხლდება ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, დიმიტრი ყიფიანის, ექვთიმე თაყაიშვილისა და იმ პერიოდის სხვა გამოჩენილი მოღვაწეების ცხოვრება.

ნიკო ნიკოლაძე ზოგადად უდიდესი ფიგურაა საქართველოს ისტორიაში - კაცი, რომელმაც რეალურად შექმნა და განავითარა თანამედროვე ევროპული ტიპის ინდუსტრია და ქალაქები (მაგალითად, ფოთი), ტყიბულის ქვანახშირი, ჭიათურის მანგანუმი თუ ზესტაფონის ფეროშენადნობები. ასეთ ადამიანებზე აუცილებლად უნდა იქმნებოდეს პროექტები, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის გადარჩენა და პოპულარიზაცია სწორედ ამაზე დგას.