“მუსიკისთვის მუსიკოსის დაჯარიმება სრული აბსურდია. მხარდაჭერას ვუცხადებ სოფო ბათილაშვილს ამ უსამართლობაში ყოფნის გამო“, - ასეო ეხმიანება მუსიკოსი “კორძი“ სოფო ბათილაშვილის დაჯარიმებას “ოლე-ოლას“ სიმღერის გამო.
ბათილაშვილმა ვიდეო, სადაც ის აღნიშნულ სიმღერას მღერის “ფეისბუქზე“ 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა, მას სასამართლომ 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება დღეს, 12 ნოემბერს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.
“სამწუხაროდ, რაც დამხვდა, ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ იმას, რომ ყველამ უნდა იბრძოლოს ინდივიდუალურად. ეს აღარ არის ეტაპი, სადაც რამე უკეთესობის იმედი უნდა გქონდეს. თუ არ იბრძოლებ, არაფერი უკეთ არ იქნება და ალბათ ყველას ჩვენი საბრძოლველი გვაქვს სისტემის წინააღმდეგ. […]
ის ფაქტი, რომ ადამიანები დაიბარეს სასამართლოში სიმღერის გამო, რა მნიშვნელობა აქვს ამ სიმღერის შინაარსს, ჩემთვის იყო განგაშის სიგნალი - რანაირად შეიძლება დავუძახოთ თავს მომღერალი, მუსიკოსი ან არტისტი და ამაზე რეაქცია არ გვქონდეს. სოლიდარობის აქტი იყო ეს ჩემი მხრიდან. რაღაც ჰარმონიები მოვუფიქრე, დავჯექი, დავუკარი, ვიმღერე და როგორც ჩანს, არც პიროვნულ დონეზე და არც სამართლებრივად არ ესმით და ვერ იაზრებენ ამ აქტის მნიშვნელობას ან დავალებებია, რომელსაც ასრულებენ“, – თქვა სოფო ბათილაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.