ოქროს ექსპერტი მარი ჯღარკავა მისი გამოცდილების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მდგომარეობა უკვე საგანგაშოა, რადგან გასირდა შემთხვევები, როდესაც ოქროს სახელწოდებით ფალსიფიცირებულ ნაკეთობებს ყიდიან.
“მივმართავ ოქროს ბირჟაზე მომუშავე იმ ადამიანებს, ვისაც, როგორც ჩანს, სხვისი მოტყუება ბიზნესის კეთება ჰგონია!
თითქმის 2 წელია ოქროს ექსპერტად ვმუშაობ და იმდენი შემთხვევა მაქვს ნანახი, უკვე მართლა ვეღარ ვჩუმდები. მოდის ჩემთან ადამიანი, მოაქვს ნივთი, მეუბნება, ბირჟაზე მაქვს ნაყიდი, ნამდვილი ოქროაო, ამდენი გადავიხადეო. ამოწმებ და აღმოჩნდება, რომ ოქროსთან საერთოდ არაფერი აქვს საერთო. ზოგს წლებია შენახული აქვს, ზოგს ბოლო ფულით უყიდია, ზოგს საჩუქრად მიუღია და წარმოდგენაც არ აქვს, რომ მოატყუეს. და იცი, რა არის ყველაზე მძიმე? როცა ამ სიმართლეს ეუბნები და ადამიანი ტირილს იწყებს. ზოგჯერ იმდენად უჭირს დაჯერება, რამდენჯერმე გეკითხება, იქნებ შეგეშალათო.
და აი, ამ დროს მინდა ვიცოდე, იმ ადამიანებმა, ვინც ეს ნივთები მიჰყიდეთ, იცით მაინც, რას უკეთებთ ხალხს?!
თქვენი დედაც ხომ შეიძლება მივიდეს სადმე და მოატყუონ? თქვენი დაც, თქვენი შვილიც, თქვენი ოჯახის წევრიც ხომ შეიძლება ენდოს გამყიდველს და თავისი ნაშრომი ფული გადაიხადოს იმაში, რაც სინამდვილეში ოქრო არ არის?!
რა გგონიათ, რომ რადგან ადამიანმა ოქროს გარჩევა არ იცის, ადამიანი შეიძლება ვერ ერკვეოდეს სინჯებში. შეიძლება არ იცოდეს რა არის 375, 500, 585, 750, 916, 958, 999,9 სინჯები, როგორ მოწმდება ოქრო, რას უნდა მიაქციოს ყურადღება. იმიტომაც მოდის თქვენთან, გენდობათ. და თქვენ ამ ნდობას იყენებთ მის მოსატყუებლად.
და ნუ გამომიხტებით ახლა და ნუ დაიწყებთ თავის მართლებას: “ბიზნესია“, “ვაჭრობაა“, “ადგილზე ხომ გვყავს ექსპერტები და შეუძლიათ, მათ შეამოწმებინონ ნივთი, სანამ შეიძენენ“, “თვითონ ვერ ამოწმებდა“… მართლა ეს არის თქვენი არგუმენტები?!
ბირჟაზე რომ გიზით ვითომ ექსპერტები, ისინიც კი, თუ მყიდველის ინტერესების ნაცვლად გამყიდველის ინტერესებს ემსახურებიან, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს მათ არსებობას? ადამიანი მიდის, ნივთს ამოწმებინებს, რათა დარწმუნდეს, რას ყიდულობს. მაგრამ რა გარანტია აქვს მყიდველს, რომ მის წინ მდგომი ადამიანი ნამდვილად დამოუკიდებელი ექსპერტია და არა თქვენი ინტერესების გამტარებელი?!
თუ ექსპერტი გამყიდველთან არის შეკრული, მაშინ ეს შემოწმება მხოლოდ ფორმალობა ყოფილა. მყიდველი იქ სიმართლის გასაგებად მიდის და არა იმისთვის, რომ წინასწარ შეთანხმებული პასუხი მოისმინოს. გამოდის, მყიდველს არც გამყიდველის უნდა სჯეროდეს და არც იმ ადამიანის, ვისაც ნივთის ობიექტურად შემოწმება ევალება?!
მე ყოველდღე ვხედავ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ და მერე იმ შედეგსაც ვხედავ, რაც ამას მოჰყვება!!! თქვენ შეიძლება იმ მომენტში რამდენიმე ასეული ლარი მოიგოთ, მაგრამ მეორე მხარეს შეიძლება ადამიანი იდგეს, რომელსაც ჩემთან მოვიდა, რადგან ეს ფული წამლისთვის, საჭმლისთვის ან ოჯახის რაღაც აუცილებელი ხარჯისთვის სჭირდებოდა. ეს უკვე უბრალოდ უტიფრობა და უნამუსობაა! ადამიანი მოდის თავისი ნაშრომი ფულით, ენდობა თქვენს სიტყვას, ენდობა ადგილზე მყოფ ექსპერტსაც და საბოლოოდ შეიძლება ორივე მხრიდან მოტყუებული აღმოჩნდეს.
სხვისი უცოდინრობით სარგებლობას პროფესიონალიზმს რომ ეძახით, ძალიან ცუდად გქონიათ საქმე. ვაჭრობა არ გაძლევთ ადამიანების მოტყუების უფლებას. ბიზნესის კეთება არ ნიშნავს, რომ სინდისი, პატიოსნება და პასუხისმგებლობა გვერდზე უნდა გადადოთ!!!
და იმ ფულს, რომელსაც ადამიანების მოტყუებით იღებთ, ნუ ჩათვლით მოგებად. მყიდველს უფლება აქვს, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, დამოუკიდებელი შეფასება და სამართლიანი მომსახურება. ეს ფუფუნება კი არა, ელემენტარული პასუხისმგებლობაა. და მერე კიდევ ოსტატობაზე, გამოცდილებაზე და პროფესიონალიზმზე გაქვთ პრეტენზია. რა ოსტატობაა ადამიანების მოტყუება? ყალბი ნივთის ნამდვილ ოქროდ გასაღება თუ თქვენი პროფესიული მიღწევაა, მაშინ მართლა არ ვიცი, რა გითხრათ. საკუთარ თავს სარკეში მაინც შეხედეთ ხოლმე.
განსაკუთრებით იმათ ეხება, ვინც შეგნებულად აკეთებთ ამას და ზუსტად იცით, რასაც ყიდით. ნუ დამიწყებთ ახლა ვაჭრობააო, ბიზნესიააო და ყველა თავის მოგებაზე ფიქრობსო. მოგებაზე ფიქრსა და თაღლითობას შორის განსხვავება არსებობს და თუ ამ განსხვავებას ვერ ხედავთ, პრობლემა უკვე თქვენშია.
სხვისი ნაშრომი, სხვისი ნდობა და სხვისი ცრემლი თქვენი გამდიდრების საშუალება არ უნდა იყოს!!! არა!!
ნუ გგონიათ, რომ ყველაფერი შეგრჩებათ.
დღეს შეიძლება ვიღაცა მოატყუოთ, ხვალ სხვა შემფასებელთან მივა, ზეგ კიდევ სხვაგან და სიმართლე მაინც გამოჩნდება. თქვენი სახელი და რეპუტაცია კი იმაზე სწრაფად შეიძლება დაიკარგოს, ვიდრე იმ ყალბი ნივთის გაყიდვით აღებული ფული დაგეხარჯებათ.
სხვისი ცრემლით ნაშოვნი ფული არ შეგერგებათ!
PS: არავის ვერჩი პატიოსან მოვაჭრეს, ბირჟაზეც არიან ღირსეული ადამიანები, მაგრამ ვინც ამ საქმეს აკეთებთ, თქვენ კარგად იცით, ვისაც ეხება ეს პოსტი.
და ბოლოს, ერთი რამ დაიმახსოვრეთ: სხვისი ბოლო ფულის მოპარვას თუ ვაჭრობას ეძახით, თქვენი სინდისის ამბავი ყოფილა. უბრალოდ, ნუ გგონიათ, რომ მაგარი ბიზნესმენები ხართ. თაღლითობა ოსტატობა არ არის!! არაა!!“ - წერს ოქროს ექსპერტი.