ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, თეთრი სახლიდან დაახლოებით ერთ მილში, სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა, მათგან ერთი კი ფიტნესცენტრში ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსშია ბარიკადირებული.
სროლა ვაშინგტონის პოპულარულ და ტურისტულ უბანში - “ლოგან სირკლში“, 15-ე ქუჩის 1500-იან ბლოკში მოხდა. შემთხვევის ადგილი VIDA-ს ფიტნესცენტრის, წმინდა ლუკას ეპისკოპალური ეკლესიისა და Whole Foods-ის სუპერმარკეტის სიახლოვეს მდებარეობს.
პოლიციამ ტერიტორია სრულად ალყაში მოაქცია და მოსახლეობას ადგილზე გამოჩენისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე სკოლებში ევაკუაციის რეჟიმი და ჩაკეტვის წესები ამოქმედდა.

“ყელში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი“ - თვითმხილველების საზარელი დეტალები
შემთხვევის თვითმხილველი ჯეიმს სპელმანი ყვება, რომ დილის 08:00 საათის შემდეგ ფიტნესცენტრში იმყოფებოდა, სადაც იმ მომენტში დაახლოებით 50 ადამიანი ვარჯიშობდა.
“რამდენიმე წამში ჩემ გვერდით მამაკაცი დაეცა და სისხლის გუბე დადგა. დარბაზის ერთ-ერთი წევრი მის დასახმარებლად გაიქცა, თუმცა იგი ყელში მიყენებული ჭრილობით ადგილზევე გარდაიცვალა“, - იხსენებს სპელმანი. მისივე თქმით, მან ორი გასროლის ხმა უშუალოდ სპორტულ დარბაზში გაიგო, ხოლო კიდევ 5-6 გასროლა გარეთ, ქუჩაში განხორციელდა.

კიდევ ერთი თვითმხილველი, რაიან დუბიცკი, რომელიც სიახლოვეს მდებარე ბინაში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ დილის 8 საათისთვის 5 ძლიერი ხმა გაიგონა, თუმცა თავდაპირველად ეს სამშენებლო სამუშაოები ეგონა.

ვაშინგტონის პოლიციის (MPD) ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელი სროლის ადგილის სიახლოვეს, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულზეა ბარიკადირებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი (SWAT), ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიურო (ATF), გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და ეროვნული გვარდია. კრიმინალური ფონი და ეროვნული გვარდიის კონტროლი ვაშინგტონში