ავტორი:

8 დაღუპული და 19 დაჭრილი - კიდევ ერთი ტრაგედია ნიუ-იორკში, სადაც საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა: მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილებს ამ დრომდე ეძებენ (ვიდეო)

8 დაღუპული და 19 დაჭრილი - კიდევ ერთი ტრაგედია ნიუ-იორკში, სადაც საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა: მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილებს ამ დრომდე ეძებენ (ვიდეო)

თეთრ სახლთან მომხდარი სროლის შემდეგ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ნიუ-იორკში მომხდარი მორიგი ტრაგედიის შესახებ. ქალაქ ბრუკლინში სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას სულ მცირე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 19 პირი დაშავდა. მაშველები ნანგრევებში გადარჩენილთა მოსაძებნად უკიდურესად საშიშ პირობებში აგრძელებენ მუშაობას.

ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, შემთხვევის შედეგად 19 ადამიანია დაშავებული, რომელთაგან 4 პირი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. დაშავებულებს შორის 5 პირი მძიმე ჭრილობებით მკურნალობს, 10-ს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ხოლო 3 დაშავებული მეხანძრეა.

ადგილზე 250-ზე მეტი მეხანძრე და მაშველი მუშაობს, რომლებიც ნანგრევებში მოყოლილთა მოსაძებნად დრონებს, სპეციალურ სამაშველო ძაღლებს, ნაჯახებსა და ხერხებს იყენებენ.

ნანგრევებიდან რამდენიმე გადარჩენილის ამოყვანა მოხერხდა, მათ შორის 6 თვის ორსული ქალის. ნიუ-იორკის მერის, ზოჰრან მამდანის განცხადებით, დაკარგულად სულ მცირე 17 ადამიანი ითვლება, ხოლო სამაშველო ოპერაცია შესაძლოა რამდენიმე დღეს გაგრძელდეს.

სამაშველო სამუშაოების ხელშესაწყობად ტერიტორიაზე წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა გაითიშა, რამაც მიმდებარე 100-მდე შენობა იმოქმედა.

ჩამოშლილი საცხოვრებელი კორპუსი ბრუკლინში, ფლატბუშის გამზირზე მდებარეობდა და იგი 1930 წელს იყო აშენებული.

ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე შენობა მოულოდნელად ჩამოინგრა. ცნობილი გახდა, რომ კორპუსის მომიჯნავე ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობა და მიწის გათხრითი (საძირკვლის) სამუშაოები მიმდინარეობდა. ჯერჯერობით დაუდგენელია, გახდა თუ არა სამშენებლო სამუშაოები კორპუსის ჩამონგრევის უშუალო მიზეზი.

ბრუკლინის ოლქის პროკურორმა ერიკ გონსალესმა განაცხადა, რომ პროკურატურა და შენობების დეპარტამენტი იკვლევენ, ხომ არ მიუძღვის სისხლისსამართლებრივი დანაშაული ამ ტრაგედიას.

თვითმხილველები იხსენებენ აფეთქების მსგავს ძლიერ ხმას და ხალხის პანიკურ ყვირილს.

ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება, რომ ქუჩაში სიარულისას ჰაერში მტვერი შენიშნა, ხოლო შეტრიალებისას დაინახა, თუ როგორ ჩამოინგრა მთელი შენობა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ ვეტერანთა დღის გამო შენობაში შესაძლოა ჩვეულებრივზე მეტი ბავშვი ყოფილიყო.

წყარო