2024 წლის საპროტესტო აქციის გაშუქებისას, ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. “რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მას ასევე 3 წლით აეკრძალა საქმიანობის უფლება.
“რადიო თავისუფლებასთან“ როგავა აღნიშნავს, რომ განაჩენის გამოტანამდე სასამართლო პროცესზე დაზარალებულის სტატუსით გამოკითხვას ელოდა, თუმცა ეს არ მომხდარა.
ჟურნალისტი საქმის მასალებს უნდობლობას უცხადებს და აცხადებს, რომ მტკიცებულებები “ცარიელი ფურცლებია“. მისი შეფასებით, საქმის დახურული განხილვით პროკურატურამ საზოგადოებას სიმართლე დაუმალა.
"რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო, რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს“, - აცხადებს ჟურნალისტი.
პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნული საქმიდან ლევან ხაბეიშვილის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.