აქამდე არამიწიერი სიცოცხლის ძიება ძირითადად დედამიწის მსგავს პლანეტებზე მიმდინარეობდა, თუმცა მკვლევრები სულ უფრო ხშირად იყურებიან სამყაროს ყველაზე უჩვეულო და მოულოდნელ კუთხეებში. ყინულქვეშა ოკეანეებიდან და ვენერას ღრუბლებიდან დაწყებული, “ვარსკვლავთმფრენი“ ცივილიზაციების კვალით დამთავრებული - მეცნიერები უცხოპლანეტელების აღმოსაჩენად სრულიად ახალ მეთოდებსა და ლოკაციებს იყენებენ.
აქამდე ვარაუდობდნენ, რომ სიცოცხლისთვის გამოსადეგი პლანეტები თხევადი წყლით, ხმელეთითა და მზის მსგავსი ვარსკვლავით უნდა ხასიათდებოდნენ. თუმცა, კორნელის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგ ლისა კალტენეგერის თქმით, მეცნიერები აფართოებენ შესაძლებლობების საზღვრებს, რათა სიცოცხლის არცერთი შესაძლო ნიშანი არ გამოეპაროთ.
ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ლოკაცია ვენერა აღმოჩნდა. 2020 წელს ასტრონომებმა ვენერას ატმოსფეროში გაზ ფოსფინის არსებობის ნიშნები აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ფოსფინი შესაძლოა ვულკანურმა პროცესებმაც წარმოქმნას, დედამიწაზე მას ცოცხალი ორგანიზმებიც გამოყოფენ.
როგორც ლონდონის იმპერიული კოლეჯის ასტრონომი დეივ კლემენტსი აღნიშნავს, ვენერაზე სიცოცხლის არსებობის იდეა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ცნობილმა მეცნიერმა კარლ საგანმა წამოაყენა. ვენერას ზედაპირზე ტემპერატურა 400°C-ს აღწევს, ხოლო ატმოსფერული წნევა დედამიწის ოკეანის ფსკერის წნევის ტოლია. თუმცა, პლანეტის ზედაპირიდან 55-65 კილომეტრის სიმაღლეზე ტემპერატურა და წნევა მზის სისტემაში დედამიწასთან ყველაზე მიახლოებულია. სწორედ ამ ღრუბლებში მცურავ მიკრობებს შეუძლიათ იარსებონ და ფოსფინი გამოყონ.
ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად რამდენიმე კოსმოსური მისია იგეგმება:
არამიწიერი სიცოცხლის ძიების კიდევ ერთი მოულოდნელი ადგილი ჯუჯა პლანეტა ცერერაა, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდთა სარტყელში მდებარეობს. იგი მთვარეზე ოთხჯერ მცირეა და გარეგნულად სრულიად უსიცოცხლო ჩანს.
თუმცა, NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა Dawn (2015-2018 წლებში) ცერერას ზედაპირზე კაშკაშა ლაქები აღმოაჩინა, რომლებიც მარილიან სითხეს წააგავს. 2025 წლის აგვისტოში არიზონას შტატის უნივერსიტეტის მკვლევარმა სემ კურვილმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ წარსულში ცერერა შესაძლოა საცხოვრებლად ვარგისი ყოფილიყო.
მისი თქმით, ცერერას ჰქონდა სიცოცხლისთვის საჭირო ყველა ძირითადი ელემენტი - ნახშირბადი, გოგირდი, აზოტი, ჟანგბადი, ფოსფორი და წყალი. დაახლოებით 2.5 მილიარდი წლის წინ, რადიოაქტიური იზოტოპების (მაგალითად, კალიუმ-40-ის) დაშლის შედეგად, პლანეტის წიაღი 500°C-მდე ცხელდებოდა, რაც შიდა ოკეანისა და სიცოცხლის წარმოქმნისთვის საკმარის ენერგიას უზრუნველყოფდა. დღევანდელი კაშკაშა ლაქები კი შესაძლოა სწორედ ამ მიწისქვეშა ოკეანის ნარჩენები იყოს.
მზის სისტემაში სულ უფრო პოპულარული ხდება ყინულის სქელი ფენის ქვეშ დამალული ოკეანეების გამოკვლევა. ამჟამად იუპიტერისკენ მიემართება NASA-ს Europa Clipper-ი და ESA-ს Juice-ი, რომლებმაც იუპიტერის თანამგზავრების - ევროპასა და განიმედეს ყინულქვეშა ოკეანეები უნდა შეისწავლონ.
განსაკუთრებით პერსპექტიულია იუპიტერის თანამგზავრი ევროპა, სადაც თხევადი ოკეანე ქანებით მდიდარ ფსკერს ეხება, რაც მიკრობებისთვის საკვები ნივთიერებების არსებობას უზრუნველყოფს. მომავალში მეცნიერები გეგმავენ ევროპაზე სპეციალური ზონდის გაგზავნას, რომელიც კილომეტრობით სისქის ყინულს გახვრეტს და ოკეანეს უშუალოდ მიაღწევს.
ეგზოპლანეტებზე (სხვა ვარსკვლავების გარშემო მოძრავ პლანეტებზე) სიცოცხლის ძიება ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით უკვე დაიწყო. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს Trappist-1 სისტემა, სადაც წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო დედამიწის ზომის 7 პლანეტა მოძრაობს.
ტოკიოს მეცნიერების ინსტიტუტის ასტრონომ ჰარისონ სმიტის თქმით, განვითარებულმა არამიწიერმა ცივილიზაციამ შესაძლოა საკუთარი პლანეტის რესურსები ამოწუროს და სხვა პლანეტებზე გადასახლდეს. პლანეტიდან პლანეტაზე “მოხეტიალე“ ცივილიზაციების აღმოჩენა შესაძლებელია ატმოსფერული ტერაფორმირების საერთო მახასიათებლებით.
თუ მეზობელ პლანეტებს იდენტური ატმოსფერული შემადგენლობა ექნებათ, ეს შესაძლოა უცხოპლანეტური ცივილიზაციის მიერ ატმოსფეროს ხელოვნურად შეცვლის ნიშანი იყოს. ამ ჰიპოთეზის შემოწმებას ESA-ს მომავალი ტელესკოპი Ariel-ი შეძლებს, რომელიც 2031 წლიდან 1 000-მდე ეგზოპლანეტის ატმოსფეროს შეისწავლის.