ავსტრალიელმა ასტრონომებმა ღრმა კოსმოსში აღმოაჩინეს უჩვეულო ვარსკვლავური სისტემა, რომელიც ყოველ 8 წუთში საიდუმლოებით მოცულ რადიოსიგნალებს გამოსცემს. მეცნიერებმა ეს რეგულარული იმპულსები დედამიწიდან 5 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ციური სხეულების იშვიათ წყვილს დაუკავშირეს.
ახლახან აღმოჩენილი ვარსკვლავური სისტემა, რომელიც ცნობილია სახელით GPM J071507−114153, შედგება ორი ციური სხეულისგან, რომლებიც ერთმანეთის გარშემო მოძრაობენ: თეთრი ჯუჯა (ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი მკვრივი ბირთვი) და მზის მსგავსი G-ტიპის ვარსკვლავი. ერთ-ერთი მათგანი მკვდარი ვარსკვლავია, რომელიც ყოველ რვა წუთში ბრუნავს, ხოლო მეორე ჩვენი მზის ანალოგიური ვარსკვლავია.
სამეცნიერო ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მზის მსგავსი ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრავი თეთრი ჯუჯასგან რადიოიმპულსები დაფიქსირდა.
დასავლეთ ავსტრალიის ქალაქ პერთში მდებარე რადიოასტრონომიული კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICRAR) მკვლევრებმა განმარტეს, რომ მსგავსი იმპულსები, როგორც წესი, შედარებით მცირე და ცივი წითელი ჯუჯების სისტემებში შეიმჩნეოდა, რის გამოც ეს აღმოჩენა სრულიად ახალ ეტაპს ქმნის.
კვლევის წამყვანმა ავტორმა, დოქტორმა სემ მაქსუინიმ აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იმპულსები საკმარისად მკაფიოა იმისთვის, რომ გამოჩნდეს თეთრი ჯუჯას მოძრაობა თავისი კომპანიონი ვარსკვლავის ორბიტაზე. მისი თქმით, ეს ადასტურებს, რომ პულსაცია მოდის უშუალოდ თეთრი ჯუჯას სიახლოვიდან ან შესაძლოა თავად თეთრი ჯუჯადან.
დოქტორმა მაქსუინიმ დასძინა, რომ ასეთი ტიპის ვარსკვლავური წყვილები მიეკუთვნებიან ობიექტთა უფრო ფართო კლასს, რომლებსაც ხანგრძლივი პერიოდის ტრანზიენტებს (LPT) უწოდებენ და რომლებიც რადიოსიგნალებს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე ინტერვალით გამოსცემენ.
მას შემდეგ, რაც 2021 წელს ICRAR-ის იმავე გუნდმა პირველი ასეთი ობიექტი აღმოაჩინა, სულ ათეულამდე LPT არის დაფიქსირებული, თუმცა ასტრონომები კვლავ ცდილობენ მათ საბოლოო ამოცნობას.