ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე იმ ჯარისკაცს გადასცა მედალი, რომელმაც მინისტრსა და მის თანმხლებ პირებს წესრიგისა და სიმშვიდის დაცვისკენ საჯაროდ მოუწოდა.
ინტერნეტში გავრცელდა კადრები ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ცერემონიიდან, სადაც ჩანს, თუ როგორ იცინიან და საუბრობენ პიტ ჰეგსეთი, მისი მეუღლე და უფროსი მრჩევლები “უცნობი ჯარისკაცის საფლავის“ წინ ფოტოების გადაღებისას.

აშშ-ის არმიის ჯარისკაცმა თომას იგლესიასმა ჯგუფს მიმართა და ხამაღლა მოუწოდა: “ყველა ვიზიტორმა ნებისმიერ დროს უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდისა და პატივისცემის ატმოსფერო“.
არლინგტონის ეროვნული სასაფლაოს ეთიკის წესები ვიზიტორებისგან უხმაუროდ საუბარსა და უპატივცემულო ან უწესრიგო ქცევისგან თავის შეკავებას ითხოვს.
“უცნობი ჯარისკაცის საფლავი“ აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა სამხედრო მემორიალია, სადაც პირველ მსოფლიო ომში დაღუპული უცნობი ჯარისკაცი განისვენებს. 1948 წლიდან მოყოლებული, მესამე ქვეითი პოლკის სამხედროები მემორიალს 24 საათის განმავლობაში დარაჯობენ. CBS News-ის ცნობით, გუშაგების მიერ ვიზიტორებისთვის შენიშვნის მიცემა იშვიათობა არ არის და ეს დღეში რამდენჯერმე ხდება.

ინციდენტის შემდეგ, პენტაგონმა განაცხადა, რომ ჰეგსეთმა სპეციალისტ თომას იგლესიასს გადასცა “Joint Service Commendation Medal“ “უცნობი ჯარისკაცის საფლავზე სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის“.
თავდაცვის მინისტრის X-ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, თუ როგორ გადასცემს იგი ჯილდოს იგლესიასს, რომელსაც გვერდით მესამე ქვეითი პოლკის სხვა სამხედროებიც დგანან.
“ჩვენ უზომოდ გვიყვარს ჯარისკაცები. ჩვენ უზომოდ გვიყვარს სტანდარტები. ყოჩაღ ჯარისკაცო. განაგრძე სამსახური, პატრიოტო“, - დაწერა ჰეგსეთმა გამოქვეყნებულ პოსტში.