გავრცელდა საოცარი კადრები იმ მომენტისა, როდესაც მოზარდი სამძებრო ვერტმფრენმა იპოვა მას შემდეგ, რაც ის 6 დღის განმავლობაში ავსტრალიის უდაბურ ბუნებაში იყო დაკარგული.
უილიამი, რომლის გვარიც არ გასაჯაროებულა, პარასკევს შუადღისას მეგობართან ერთად აღმოსავლეთ ვიქტორიაში, უოლჰალა ისტში, თავის პირველ ლაშქრობაზე იმყოფებოდა, როდესაც ტერიტორიის სხვა ნაწილისკენ, სტოუნი კრიკ როუდისა და T2 ბილიკის მახლობლად გაემართა, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა.
17 წლის მოზარდს, რომელსაც მეორე დონის აუტიზმი აქვს და “არსებით“ მხარდაჭერას საჭიროებს, იმ დროს მხოლოდ შორტები და სამუშაო ჩექმები ეცვა. მან ტელეფონიც კემპინგის ადგილას დატოვა.


კადრებში ჩანს მზისგან ძლიერ დამწვარი და მაისურის გარეშე მყოფი უილიამი, რომელიც ნაკადულთან ახლოს, ბრტყელ ქვაზე წევს, სადაც, როგორც ჩანს, სუფთა სასმელი წყლით გადარჩა.
კვლავ ჩექმებში მყოფი, ის გვერდზე იწვა და პლედს იფარებდა, როდესაც ვერტმფრენი მის თავზე დაეკიდა.

თავდაპირველად ის არ რეაგირებს, აშკარად დაღლილია და, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს, რას ხედავს, სანამ ვერტმფრენს ხელს არ დაუქნევს და სიხარულისგან ჰაერში მუშტს არ აღმართავს, როდესაც ხვდება, რომ გადარჩა.
უილიამის დაკარგვის შეახებ ბანაკის პოლიციას მისმა მეგობარმა 6 დღით ადრე შეატყობინა. პოლიცია ფიქრობდა, რომ შესაძლოა მოზარდს ორიენტაცია დაეკარგა და სახიფათო რელიეფზე იმყოფებოდა.
თუმცა საბედნიეროდ, უილიამი ხუთშაბათს დილით ცოცხალი იპოვეს და გადაუდებელი დახმარების სამსახურებმა ის საკაცით კლინიკაში გადაიყვანა.


ამჟამად უილიამი თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.