ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ NASA-მ ასტრონავტების ახალ ჯგუფში მიღება გამოაცხადა. შერჩეულ კანდიდატებს გულუხვ ხელფასსა და მთვარეზე გაფრენის შანსს ჰპირდებიან, თუმცა ამ სამსახურის მიღება ძალიან რთულია, - წერს Geekspin.
ასტრონავტის საწყისი ხელფასია წელიწადში 164 395 დოლარი. ეს ორჯერ მეტია აშშ-ის საშუალო ხელფასზე, რომელიც 64 220 დოლარის ფარგლებში ნარჩუნდება. განაცხადის შეტანა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპირო დროით, 3 დეკემბრის დღის ბოლომდეა შესაძლებელი.
"ფანჯარა ღიაა. მისია გელით და ერთადერთი, რაც აკლია უდიდეს თავგადასავალს, რომელშიც კი ოდესმე წასულა კაცობრიობა, ეს თქვენ ხართ“, - განაცხადა NASA-ს ადმინისტრატორის მოადგილემ მეთ ანდერსონმა.
კონკურენცია უზარმაზარია. გამოცემა წერს, რომ NASA-მ წინა შერჩევა 2024 წელში ჩაატარა. მაშინ განაცხადი 8 ათასზე მეტმა ადამიანმა შეიტანა, აიყვანეს მხოლოდ 10.
ამერიკული კოსმოსური პროგრამის მთელი ისტორიის განმავლობაში, რომელიც გასული საუკუნის შუა წლებში დაიწყო, სააგენტომ მოსამზადებლად 370 ადამიანი შეარჩია. ახალბედები შეუერთდებიან მოქმედ რაზმს, რომელშიც ახლა 32 ასტრონავტია.
ახალი ნაკადის დაწყების შესახებ NASA-მ სოციალურ ქსელ X-ში გამოაცხადა. პუბლიკაციას დაემატა პრომო-როლიკი, რომელშიც მონაწილეობდნენ ასტრონავტები: ჯესიკა მეირი, ანდრე დაგლასი, დენის ბერნემი, რენდი ბრეზნიკი, კაილა ბერონი, ჯეკ ჰეთეუეი და კრის უილიამსი. კამპანიამ მიიღო სლოგანი "სამყარო გიხმობთ“.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კანდიდატი უნდა იყოს აშშ-ის მოქალაქე და ჰქონდეს აკრედიტებული სასწავლებლის მაგისტრის ხარისხი მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის ან მათემატიკის სფეროში. კერძოდ, შესაფერისია ინჟინერია, ბიოლოგია, ფიზიკა და კომპიუტერული მეცნიერებები. თუ მაგისტრატურა არ არის, შანსი რჩება მათთვის, ვინც უკვე მინიმუმ ორი წელია სწავლობს დოქტორანტურაში.
განათლების გარდა, საჭიროა სპეციალობით მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება და ხუთი მყარი რეკომენდაცია. ასევე კანდიდატმა უნდა გაიაროს სპეციალური სამედიცინო შემოწმება ხანგრძლივი კოსმოსური ფრენებისთვის. გარდა ამისა, NASA აფასებს ლიდერულ თვისებებს, გუნდში მუშაობისა და მკაფიო კომუნიკაციის უნარს.
მომავალი ასტრონავტები გაემგზავრებიან ხანგრძლივ მისიებში დედამიწიდან შორს და დიდხანს აღმოჩნდებიან ოჯახისა და მეგობრებისგან მოწყვეტილი. 12 თვიდან ხანგრძლივობის მისიებს NASA აღწერს, როგორც "ექსტრემალურ იზოლაციას, ასკეტურ საცხოვრებელ პირობებს და ახლობლებთან განშორებას“.
იმისათვის, რომ ამას გაუძლოთ, საჭიროა არანაკლები ფსიქოლოგიური მდგრადობა. ასტრონავტმა უნდა შეინარჩუნოს კონცენტრაცია და მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მაშინაც კი, როდესაც სახლი ძალიან შორსაა.
თავად შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. განაცხადების განხილვის შედეგად საუკეთესოებს მიიწვევენ გასაუბრებაზე ჯონსონის სახელობის კოსმოსურ ცენტრში, ჰიუსტონში (ტეხასის შტატი). მათგან, დაახლოებით, ნახევარს მეორე რაუნდის შემოწმებაზე გამოიძახებენ.
ისინი, ვინც ყველა ეტაპს გაივლიან, ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად გაივლიან სწავლებას იმავე ცენტრში. მათ ასწავლიან ჩქაროსნული რეაქტიული თვითმფრინავების T-38 პილოტირებას, რობოტიზებული მანიპულატორების მართვას, ღია კოსმოსში გასვლას და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე მუშაობას. ცალკე კანდიდატები შეისწავლიან მთვარის გეოლოგიას.
სააგენტოში ვარაუდობენ, რომ ასტრონავტების ახალი თაობა დაეხმარება NASA-ს მთვარეზე დაფუძნებაში, ხოლო შემდგომში მარსზე გაფრენაშიც.