ავტორი:

"ავთანდილ ბილანიშვილი დუმილის უფლებას იყენებს და ახალ ბრალდებას არ აღიარებს, რაც შეეხება ქსნის ციხეში გადაყვანას, ციხე ციხეა ყველგან" - რას ამბობს "კაწროს" ადვოკატი?

"ავთანდილ ბილანიშვილი დუმილის უფლებას იყენებს და ახალ ბრალდებას არ აღიარებს, რაც შეეხება ქსნის ციხეში გადაყვანას, ციხე ციხეა ყველგან" - რას ამბობს "კაწროს" ადვოკატი?

ე.წ. კრიმინალური ავტორი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო“ დავით ფეიქრიშვილის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტს არ აღიარებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ბილანიშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განუცხადა, ბრალი აბსურდულია და ის მხოლოდ დაზარალებულის, დავით ფეიქრიშვილის მიერ მიცემულ ჩვენებას ეფუძნება.

"ავთანდილ ბილანიშვილს ბრალი წაუყენეს, ეს გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი. აღნიშნულ ბრალდებას არ ვეთანხმებით, ეს ბრალი ძალიან აბსურდული და ჩვენთვის მიუღებელია, ვდაობთ და ვნახოთ, სასამართლოში ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე ბრალდება ამ მოცემულობას როგორ შეინარჩუნებს და სასამართლო ამაზე გამამტყუნებელ განაჩენს როგორ დააყენებს... ის წარდგენილ ბრალდებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ ეთანხმება. ვნახოთ, სასამართლო წინ არის. დადასტურდება ის გარემოება, რომ ავთანდილ ბილანიშვილს წარდგენილ ბრალში ქმედება არ განუხორციელებია. რა თქმა უნდა, შევხვდი, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, მიგვაჩნია, რომ ეს აბსურდული ბრალდებაა, საგამოძიებო მოქმედებებში ჩვენც ვერთვებით, ბრალდების მხარის იმედზე ნამდვილად არ ვართ“, - განაცხადა აბესაძემ.

კითხვაზე, ავთანდილ ბილანიშვილი იმასაც უარყოფს თუ არა, რომ ის საერთოდ იმყოფებოდა დავით ფეიქრიშვილის საკანში, ადვოკატი არ პასუხობს.

"დაელოდეთ საგამოძიებო მოქმედებებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. თქვენ გინდათ, რომ მე მივცე ჩვენება, მე ვითანამშრომლო ტელევიზიებთან, ჟურნალისტებთან, დავარღვიო დაცვის უფლებები?“ - აცხადებს აბესაძე.

ის ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, "კაწრო“ გლდანის ციხიდან ქსნის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"ციხის უსაფრთხოების პრეროგატივაა, ვის, სად გადაიყვანენ, ციხე, ციხეა ყველგან. ქსანში იმყოფება, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, სანატორიუმია, დასასვენებელი სახლია, თუ რა? - ციხეა“, - აცხადებს აბესაძე.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების საკანში, დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2026 წლის 16 ოქტომბერს ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს, რის შემდეგაც ისინი, 2026 წლის 20 ოქტომბრამდე დავით ფეიქრიშვილის წინააღმდეგ ჯგუფურ ძალადობას ახორციელებდნენ. ძალადობის შედეგად დავით ფეიქრიშვილმა სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა მიიღო.

პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები, სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.