ავტორი:

“მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს“ - შიო მესამე

“მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს“ - შიო მესამე

“ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

  • კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას მოწამეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მოწამეები არიან ქრისტეს აღდგომის შესახებ ყველაზე დიდი მქადაგებლები.

“გილოცავთ ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას. ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენი ეკლესიისთვის და სრულიად საქართველოსთვის. როგორც უთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ეს დღე არის ქართველი ერის სულიერი გაბრწყინების და ზეიმის დღე. წმინდა ასი ათასი მოწამე ისევე, როგორც სხვა მოწამეები, არიან დიდება და მშვენება ქრისტიანული ეკლესიის. ისინი არიან ყველაზე ძლიერი ქადაგება მკვდრეთით აღდგომილ ქრისტეზე.

მოწამე ნიშნავს მოწმეს და აი, წმინდა მოწამეები სწორედ ამას მოწმობენ, რომ ქრისტეში სიკვდილს არ აქვს არანაირი ძალა, რომ ქრისტეში ჩვენ გვეძლევა მარადიული სიცოცხლე და უკვე აქ, ეკლესიაში, ეკლესიურ საიდუმლოებებში, ლოცვებით ჩვენ ვხდებით მარადიული ცხოვრების მიმღებნი და თანაზიარნი, მონაწილენი. წმინდა მოწამეები კვდებოდნენ ქრისტესთვის, რომ სიკვდილზე მისი გამარჯვების თანაზიარნი. წმინდა მამები ამბობენ, რომ მოწამეობა მიწაში ჩავარდნილი მარცვალივით, ქრისტიანობისთვის იქცა იმ თესლად, რომელმაც შემდგომ უხვი ნაყოფი გამოიღო. მართლაც, მიუხედავად სასტიკი დევნისა, აკრძალვების, სიკვდილით დასჯის, ქრისტიანული ეკლესია მაინც მრავლდებოდა, სწავლება ქრისტესი ვრცელდებოდა. ამას პირველი ბიძგი მისცა წმინდა მოციქულთა ქადაგება, რომელთა უმრავლესობამაც, როგორც ქრისტეს ერთგულმა მოწმეებმა, სიცოცხლე დაასრულეს მოწამებრივად. შემდგომ პერიოდებშიც, მიუხედავად სასტიკი დევნისა, სიკვდილით დასჯისა, უფალი ყოველთვის ამრავლებდა ეკლესიაში და მფარველობდა ეკლესიას და ამაში ფასდაუდებელია მოწამეების დამსახურება. მათი ერთგულებით, სიყვარულით შთაგონებული იყო მრავალი ადამიანი. მათი ღვაწლის წყალობით ეკლესიამ შეძლო ამა სოფლისგან მომდინარე სიძულვილის და წარმართობის დამარცხება. ასე იყო წმინდა კეთილმსახური, მოციქულთასწორი მეფე კონსტანტინე დიდის პერიოდშიც, ასე იყო შემდგომ პერიოდებშიც, მეოცე საუკუნეშიც, როდესაც ათეისტური ხელისუფლება დამარცხდა ეკლესიასთან ბრძოლაში, ჩამოიშალა და წავიდა.

დღეს ჩვენ, მთელი ეკლესია, მთელი ერი, სამღვდელოება, ჩვენი ხელისუფლება, ერთად ვზეიმობთ და აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის თავს და ეკლესია დგას და არსებობს. ღრმად გვწამს, რომ ეკლესია იარსებებს ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე, რადგან დამყარებულია უფალ იესო ქრისტეს უტყუარ სიტყვებზე, მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ჩვენ გვწამს, რომ წმინდა მოწამეების ლოცვით უფალმა ჩვენ შეგვიწყალა, მოგვიყვანა წმინდა ეკლესიაში სულის გადასარჩენად, საცხონებლად და ჩვენი ვალია შევძლოთ ვიყოთ ღირსნი ამ დიდი მოწამეების, წმინდანების ხსენებისა, ვისაც დღეს ჩვენ ვადიდებთ და ვიყოთ მემკვიდრენი მისნი უფლისადმი სიყვარულში და ერთგულებაში“, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.