ავტორი:

ოპერაცია “Iron Gate“ - ტრამპი ირანისთვის ახალ “დარტყმას“ ამზადებს: რას მოიცავს სახმელეთო ბლოკადა?

ოპერაცია “Iron Gate“ - ტრამპი ირანისთვის ახალ “დარტყმას“ ამზადებს: რას მოიცავს სახმელეთო ბლოკადა?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის რეჟიმისთვის ფინანსებისა და იარაღის მიწოდების აღსაკვეთად, საზღვაო ბლოკადის შემდეგ, ქვეყანას ყველა მიმართულებით სახმელეთო ბლოკადასაც გამოუცხადებს.

  • ოპერაცია “Iron Gate“-ის დეტალები

მას შემდეგ, რაც აშშ-ის საზღვაო ბლოკადამ ჰორმუზის სრუტის გავლით ირანული ნავთობის ექსპორტი შეაჩერა, პაკისტანისა და თურქეთის საზღვრებთან სატვირთო ავტომობილების გრძელი რიგები წარმოიქმნა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, მათი ძალები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ჰორმუზის სრუტე კომერციული ნაოსნობისთვის ღია შეინარჩუნონ, ხოლო ირანული პორტებიდან ნავთობის გაყიდვა აღკვეთონ.

ამჯერად აშშ-ის პრეზიდენტი სადაზვერვო რესურსებს მიმართავს, რათა შეაჩეროს ირანის მიერ იარაღისა და სანქცირებული საქონლის კონტრაბანდა, რაც “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაფინანსებასა და შეიარაღებას ხმარდება. სპეციალური ჯგუფი - “Task Force Iron Gate“, სწორედ იმ იმპორტსა და ექსპორტზე დააწესებს მკაცრ კონტროლს, რომელიც საზღვაო გზების ჩაკეტვის შემდეგ ირანის სახმელეთო საზღვრებზე გადამისამართდა.

ირანის დაახლოებით 910 კმ-იანი საზღვარი პაკისტანთან და დაახლოებით 920 კმ-იანი საზღვარი ავღანეთთან განსაკუთრებით ცნობილია კონტრაბანდული მარშრუტებით. ამ მასშტაბურ ოპერაციას ფლორიდაში, ქალაქ ტამპაში ბაზირებული სულ რაღაც 20-კაციანი სპეციალური ჯგუფი უხელმძღვანელებს.

სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისგან შემდგარი “Task Force Iron Gate“-ის გუნდი აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებთან მჭიდრო თანამშრომლობით იმუშავებს. ჯგუფის მიზანია ირანის სახმელეთო საზღვრებსა და კასპიის ზღვაზე თანამედროვე შეიარაღების, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების, სანქცირებული მასალებისა და უკანონო ფინანსური ნაკადების გადაადგილების აღკვეთა.

Centcom-ის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა განაცხადა, რომ სახმელეთო ოპერაცია ზღვაზე მიღწეულ წარმატებას განამტკიცებს და ირანს “ტერორიზმის დაფინანსების, იარაღის ქარხნების აღდგენისა და სამხედრო მარაგების შევსების შესაძლებლობას შეუმცირებს“.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის სახმელეთო საზღვრების ბლოკადის იდეა თავდაპირველად ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ეკუთვნოდა.

ირანულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ვაშინგტონის გეგმა მკაცრად გააკრიტიკა. ნახევრად ოფიციალურმა სააგენტო Mehr-მა განაცხადა: “სამხედრო კამპანიის მარცხის შემდეგ, აშშ-მა ირანს საზღვაო ბლოკადა დაუწესა თეირანის იძულებითი კაპიტულაციის მიზნით. ახლა კი, საზღვაო ბლოკადის მარცხის შემდეგ, იგი უშედეგო ნაბიჯს დგამს და თეირანზე ზეწოლის გაზრდას სახმელეთო შეზღუდვებით ცდილობს“.

წყარო