ავტორი:

დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ერთმანეთ ჩინეთში შეხვდებიან - რა იქნება ლიდერების მოლაპარაკების მთავარი თემა

დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ერთმანეთ ჩინეთში შეხვდებიან - რა იქნება ლიდერების მოლაპარაკების მთავარი თემა

თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი მომავალ კვირას ჩინეთში დაგეგმილი სამიტის ფარგლებში სამმხრივ შეხვედრას გამართავენ. სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ბირთვული იარაღის კონტროლი იქნება.

  • აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთის ქალაქ შენჟენში ოთხშაბათს ჩავა, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტს დაესწრება. თეთრი სახლის პრესსპიკერის, ოლივია უელსის განცხადებით, ტრამპი ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან, ორმხრივ მოლაპარაკებებსაც გამართავს, რის შემდეგაც შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც შეუერთდება.

უელსის თქმით, ტრამპი შეხვედრაზე მსოფლიოში ბირთვული იარაღის რაოდენობის შემცირების საკითხის განხილვას გეგმავს. ამერიკის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გავრცელებას გლობალური უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა, სავარაუდოდ, ირანიც იქნება, თუმცა უცნობია, ისაუბრებენ თუ არა ლიდერები უკრაინის ომზე.

ამერიკული საინფორმაციო სააგენტოების, AP-ისა და Reuters-ის ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ კონკრეტული შეთანხმების მიღწევა მოსალოდნელი არ არის. ამ დროისთვის არც მოსკოვსა და არც პეკინს სამმხრივი შეხვედრის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-სა და რუსეთს შორის შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა. შეთანხმება ორ ქვეყანას ბირთვული არსენალის რაოდენობაზე გარკვეულ შეზღუდვებს უწესებდა. მისი დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ორი უდიდესი ბირთვული ძალა ამ სფეროში ძირითადი შეთანხმებული შეზღუდვების გარეშე დარჩა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩინეთი მოსკოვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად იქცა. დასავლეთის სანქციების ფონზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდა.

ამასთან, ტრამპისა და სი ძინპინის ურთიერთობებში კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი უთანხმოებები. მათ შორისაა სავაჭრო საკითხები, ხელოვნური ინტელექტის სფეროში კონკურენცია და ტაივანის საკითხი. ირანთან დაკავშირებული ვითარებაც დამატებით სირთულეს ქმნის, რადგან ჩინეთი ირანული ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველია.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სი ძინპინი APEC-ის სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა სამმხრივი მოლაპარაკებების შესახებ პეკინს ოფიციალურად არ უსაუბრია.

წყარო