დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივ, ასევე ფორმალურ საფუძვლებზე ისაუბრა.
პროკურორის განმარტებით, გიორგი პატარიძის მხრიდან მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის საფრთხე, ასევე მოწმედ გამოსაკითხ პირთა მიმართ ზემოქმედების მოხდენის საფრთხე არსებობს. ამასთან, ყულჯანიშვილის თქმით, მოსალოდნელი სასჯელის შიშით, მიმალვის საფრთხეც არ არის გამორიცხული.

იგივე საფუძვლებზე ისაუბრა პროკურორმა მეორე ბრალდებულის, რამაზ ფირცხალავას მიმართაც. ყულჯანიშვილის თქმით, გირაომ უნდა უზრუნველყოს მითითებული საფრთხეების აღმოფხვრა.
ბრალდებულების ადვოკატი ირმა ბრელიძე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ სასამართლომ გირაო არ უნდა გამოიყენოს. ადვოკატი მათ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.
კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვთ მათ ბრალდების ვერსიასთან, რომლის მიხედვითაც ვატო ყიფიანის თხოვნა რამაზ ფირცხალავამ გიორგი პატარიძესთან შეათანხმა საკანში ერთად შესახლებასთან დაკავშირებით, ადვოკატი კონკრეტულ პასუხს არ სცემს. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ მსჯავრდებულისა და ბრალდებულის ერთ საკანში შესახლება ახალი არ არის და ეს გადატვირთულობის გამო ხდება.

"ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბრალდების მხარემ დაცვის მხარე გაუთქმელობასთან დაკავშირებით გააფრთხილა და ეს ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რა პასუხისმგებლობაც არის. საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, განმარტებას ვერ გავაკეთებ.
კითხვაზე, რამაზ ფირცხალავას პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფმა პატიმარმა, დავით ფეიქრიშვილმა თუ სად მიიღო დაზიანებები, რომელიც სამედიცინო დოკუმენტაციაშია აღწერილი, ადვოკატი პასუხს არ სცემს.
"ამ კითხვაზე რომ გიპასუხოთ, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები უნდა შევაფასო. თუკი, გაუთქმელობა მოგვეხსნება, კომენტარს გავაკეთებთ",- განაცხადა ბრელიძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, N 8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.რაც შეეხებათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.