ავტორი:

შოკისმომგვრელი შემთხვევა აშშ-ში - 24-საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მიწის სიღრმეში დამარხული 11 თვის ბავშვი ცოცხალი იპოვეს: დაკავებულია ბავშვის მამა

შოკისმომგვრელი შემთხვევა აშშ-ში - 24-საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მიწის სიღრმეში დამარხული 11 თვის ბავშვი  ცოცხალი იპოვეს: დაკავებულია ბავშვის მამა

შემზარავი ფაქტი მოხდა აშშ-ში - 11 თვის ბავშვი, რომელიც თითქმის 24 საათის განმავლობაში მიწაში დამარხულ ძაღლის გალიაში იმყოფებოდა, მაშველებმა ცოცხალი იპოვეს. სამხრეთ კაროლინაში ბავშვის გადასარჩენად მასშტაბური სამძებრო ოპერაცია ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა უწყების თითქმის 100 თანამშრომელი მონაწილეობდა. გამოძიების ფარგლებში ბავშვის მამა დააკავეს, რომელსაც შვილის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

  • შემთხვევა სამხრეთ კაროლინას შტატის ლექსინგტონის ოლქში მოხდა. 11 თვის კოა შარპი ბოლოს მამის, 25 წლის მაიკლ კომერის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

ბავშვის გაუჩინარების შესახებ პოლიციას მამის მხრიდან ბებიამ, პატრიცია კომერმა შეატყობინა. ბავშის ბებიის თქმით, თავიდანვე იგრძნო, რომ რაღაც რიგზე არ იყო და დახმარებისთვის 911-ში დარეკა. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა მასშტაბური სამძებრო ოპერაცია დაიწყეს.

ლექსინგტონის ოლქის შერიფის, ჯეი კუნის განცხადებით, გამომძიებლები თავდაპირველად მაიკლ კომერის მამის სახლს ეწვივნენ, რომელიც ბავშვის ბებიის საცხოვრებელთან ახლოს მდებარეობდა. სახლი ღია დახვდათ, თუმცა არც მამაკაცი და არც ბავშვი იქ არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით სათვალთვალო კამერების ჩანაწერებშიც გამოჩნდა, რომ კომერი შვილის გარეშე გადაადგილდებოდა.

მამაკაცი ორშაბათს ღამით ბეიტსბურგ-ლისვილში, დამხმარე ნაგებობაში იპოვეს და დააკავეს. თუმცა ბავშვის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობი რჩებოდა.

გადამწყვეტი აღმოჩნდა სამშაბათს ჩატარებული სამძებრო სამუშაოები. როდესაც სამართალდამცველები კომერის მამის სახლთან ახლოს მდებარე ტყეს ათვალიერებდნენ, მათი ყურადღება ფიჭვის ჩალით დაფარულმა ადგილმა მიიპყრო. ტერიტორიის შემოწმებისა და თხრის დაწყებისას, მათ ბავშვის ტირილის ხმა გაიგონეს.

  • როგორც შერიფმა ჯეი კუნმა მოგვიანებით განაცხადა, კოა დაახლოებით 60×60 სანტიმეტრის ზომის ძაღლის გალიაში, მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 30 სანტიმეტრის სიღრმეში იყო დამარხული. ჩვილი პირსახოცში იყო გახვეული და, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ცოცხალი აღმოჩნდა.

გამომძიებლების ვარაუდით, პირსახოცმა გალიის შიგნით ჰაერის პატარა სივრცე შექმნა, რამაც ბავშვს სუნთქვისა და გადარჩენის საშუალება მისცა. შერიფის შეფასებით, კოა მიწის ქვეშ დაახლოებით 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში ღამით ტემპერატურა დაახლოებით 4 გრადუს ცელსიუსამდე იყო დაცემული.

კოა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შერიფის ოფისის ინფორმაციით, ბავშვი სამშაბათს საღამოს გაწერეს და მისი სრულად გამოჯანმრთელების იმედი აქვთ. ამჟამად ის ოჯახის წევრებთან იმყოფება.

რაც შეეხება ბავშვის მამას, მაიკლ კომერს, მას შვილის მკვლელობის მცდელობაში, ბავშვის მიმართ უკანონო ქმედებაში ედება ბრალი. სასამართლო ჩანაწერების მიხედვით, მამაკაცს მიმდინარე წელს ფიზიკურ ძალადობასა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ბრალდებებიც ჰქონდა.

Associated Press-ის ინფორმაციით, კომერი პატიმრობაში რჩება. მას გირაოზე უარი უთხრეს. სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა ტაილერ დუგლასმა განაცხადა, რომ დაკავებულს შვილის მკვლელობის მცდელობის გამო სინანული არ გამოუხატავს და შტატიდან გაქცევაც სცადა.

წყარო