ქართველი სპორტსმენების ასპარეზობამდე სულ ცოტა დრო რჩება.
დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, აბუ-დაბიში, "ეტიჰად არენაზე“, ამერიკული ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF)-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება.
მონაწილეთა შორის სამი ქართველი სპორტსმენია: მერაბ დვალიშვილი, საბა ლაზიშვილი და გიგა ჭიკაძე.
ბოლო დროს მომხდარი სკანდალური მოვლენების ფონზე, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება დვალიშვილისა და ლაზიშვილის შეხვედრებისკენაა მიმართული.
კიდევ უფრო დიდია ინტერესი საბა ლაზიშვილის მიმართ. რამდენიმე დღის წინ მისი სახელი საქართველოში შესაძლოა, არც ისე ბევრმა იცოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილი დაიცვა და თავდამსხმელები მოიგერია, უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი გაიჩინა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავე პირველად ექცევა ასეთი მასშტაბური საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. მისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად - შანსი, რომელიც შეიძლება კარიერის გარდამტეხ მომენტად იქცეს.
მერაბ დვალიშვილი ბრაზილიელ მარლონ მორაესს დაუპირისპირდება. ეს ორი სპორტსმენი ერთმანეთს კარგად იცნობს - მათ შორის დაპირისპირება UFC-შიც შედგა, სადაც გამარჯვება დვალიშვილმა მოიპოვა. ამჯერად მათი შეხვედრა უკვე ჭიდაობის წესებით გაიმართება.

რაც შეეხება საბა ლაზიშვილს, მას ამერიკული სპორტის ერთ-ერთ ცნობილ სახესთან, UFC-ის ყოფილ მებრძოლ ურაია ფეიბერთან მოუწევს დაპირისპირება.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ფეიბერის მეტოქედ უმარ ნურმაგომედოვი იყო დასახელებული, თუმცა ბოლო მოვლენების შემდეგ ორგანიზაციამ შეხვედრის მონაწილე შეცვალა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი წარადგინა. ამგვარად, საბასთვის ეს RAF-ის დიდ სცენაზე მნიშვნელოვანი დებიუტი იქნება.
Real American Freestyle, იგივე RAF, პროფესიული თავისუფალი სტილით ჭიდაობის ორგანიზაციაა, რომელიც ამ სპორტის პოპულარიზაციასა და მისთვის ახალი, სანახაობრივი ფორმატის შექმნას ემსახურება.
მნიშვნელოვანია, რომ RAF არ არის შერეული საბრძოლო ხელოვნება (MMA) და აქ სპორტსმენები ჭიდაობის წესებით ასპარეზობენ.
ორგანიზაციის მიზანია, თავისუფალი ჭიდაობა უფრო ფართო აუდიტორიისთვის საინტერესო და მიმზიდველ სპორტულ სანახაობად აქციოს.