ქართველი ფეხბურთის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა, 16 წლის თორნიკე კვარაცხელია, ესპანური გამოცემა MARCA-ს ყურადღების ცენტრში მოექცა. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა ახალგაზრდა ფეხბურთელს ვრცელ სტატიას უძღვნის, რომელშიც თორნიკე საკუთარ საფეხბურთო გზაზე, დაგროვილ გამოცდილებაზე, სამომავლო მიზნებსა და უფროს ძმასთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე საუბრობს.
როგორც თავად აღნიშნავს, სწორედ ხვიჩასგან ისწავლა, რომ ოცნებების ასრულებას დიდი შრომა, მოთმინება და მიზანდასახულობა სჭირდება, ხოლო წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დანებება არასოდეს შეიძლება.
MARCA-სთან საკუთარ საფეხბურთო კარიერაზე საუბრისას თორნიკე აღნიშნავს, რომ მიღებული შესაძლებლობებითა და მწვრთნელების ნდობით კმაყოფილია. მისივე თქმით, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებულმა გამოცდილებამაც მის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

თორნიკე კვარაცხელიასთვის ბოლო პერიოდი კარიერაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 28 ოქტომბერს მან "დინამო თბილისის“ შემადგენლობაში უეფას ახალგაზრდული ლიგის შეხვედრაში "კოპენჰაგენის“ წინააღმდეგ ითამაშა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
შეხვედრა "დინამო თბილისის“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. შვიდი დღის შემდეგ გუნდები ერთმანეთს დანიაში დაუპირისპირდნენ. მიუხედავად განმეორებით მატჩში განცდილი მარცხისა, ქართველმა ფეხბურთელებმა პენალტების სერიაში გამარჯვება შეძლეს და ტურნირის მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. ახლა "დინამო თბილისის“ მეტოქე იტალიური "ფიორენტინა“ იქნება.

"თავს კარგად ვგრძნობ და მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობისა და ნდობისთვის, რომელსაც მწვრთნელები მიცხადებენ. კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში დიდი გამოცდილება მივიღე“, - ამბობს ფეხბურთელი.
"21-წლამდელთა ნაკრებში დებიუტი განსაკუთრებული ემოცია იყო. ჩემი ქვეყნის სახელით თამაში ყოველთვის საამაყო იქნება ჩემთვის, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ჩემს ძმასთან ერთად ასპარეზობა სულ სხვა გრძნობა იქნებოდა. ეს ოცნების ახდენაა!“ - აცხადებს თორნიკე.
თორნიკესა და ხვიჩას შორის ცხრა წელია ასაკობრივი სხვაობა. უმცროსი კვარაცხელია არ მალავს, რომ ბავშვობიდან მისი მთავარი საფეხბურთო ორიენტირი სწორედ უფროსი ძმა იყო. მას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა, მის თამაშს სწავლობდა და დროთა განმავლობაში ხვიჩას საფეხბურთო სტილის გარკვეული ელემენტებიც საკუთარ თამაშში გადაიტანა.

ეს მსგავსება MARCA-ს ყურადღების მიღმაც არ დარჩენილა. ესპანური გამოცემა აღნიშნავს, რომ თორნიკე გარეგნობითაც უფროსი ძმის უმცროს ვერსიას ჰგავს. თუმცა ცნობილი ფეხბურთელის ძმობა მხოლოდ სიამაყე და მოტივაცია არ არის - მასთან ერთად განსაკუთრებული მოლოდინებიც მოდის, რომელთა გამკლავებაც ახალგაზრდა ფეხბურთელს უწევს.
"რა თქმა უნდა, ჩემ მიმართ დიდი მოლოდინებია, რადგან ხვიჩას ძმა ვარ, თუმცა, მიუხედავად საზოგადოების მხრიდან არსებული ზეწოლისა, მოედანზე ყოველთვის ვცდილობ, ჩემი თამაში ვითამაშო“, - ამბობს თორნიკე.

ინტერვიუს დასასრულს კი უმცროსი კვარაცხელია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გავლენას, რომელიც უფროს ძმას მის ცხოვრებასა და საფეხბურთო გზაზე აქვს. მისთვის ხვიჩა არა მხოლოდ ოჯახის წევრი, არამედ ადამიანი და ფეხბურთელია, რომლის მაგალითიც ყოველდღიურად განვითარებისკენ უბიძგებს.
"ჩემმა ძმამ ერთი მთავარი რამ მასწავლა - ჩემი ოცნებებისთვის ბევრი ვიშრომო და არასდროს დავნებდე. ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია“, - ამბობს თორნიკე.