მუსიკოსიდა პოეტი გელა დაიაური თაია გამთენაძის პოდკასტს "შენი ამბავი“ სტუმრობდა. მან პირველ მეუღლეზე, მომღერალ თეონა ქუმსიაშვილზე, მათი ერთად ცხოვრების წლებსა და ტრაგედიაზე ისაუბრა, რომელმაც 16 წლის წინ მისი ოჯახი და არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
"არსებობს წარმოდგენა თეონა ქუმსიაშვილზე, როგორც დიდ მომღერალზე, მაგრამ ძალიან ცოტა იცნობს მას, როგორც დედას, როგორც ქალს. ხშირად ვიმეორებ, თეონა თავის დიდ შემოქმედებაზე მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო. ასეთი ადამიანი მე არ შემხვედრია ცხოვრებაში. როგორ შეეძლო სიკეთის კეთება... მაღაზიაში რომ შევიდოდით, მეზობელს ბევრი შვილი ჰყავს და იმათაც ხომ უნდა ვუყიდოო, ამბობდა“, - იხსენებს გელა დაიაური.

"საერთო ჯამში, სამი წელი ვიცხოვრეთ ერთად, სამ წელიწადსაც ვერა. უცებ ვიგრძენი, რომ ნამდვილად ბედნიერი ვიყავი ცხოვრებაში. ყველაფერი მიხაროდა გარშემო, რაც ხდებოდა - ყოველი წამი, ყოველი წუთი“ - ამბობს მომღერალი.
გადაცემაში გელა დაიაურმა მის ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი გაიხსენა.
ავარიას ემსხვერპლნენ გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი მამუკაც. ტრაგედიას გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და მათი მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადაურჩნენ.

"დიდი ხანია, ამ თემაზე არ მისაუბრია. ჩვენი ტრადიციის მიხედვით, ყველა დაბადებული ბავშვი უნდა მიაბარო სალოცავს. ჩვენთან არის მუცოს მთავარანგელოზის სალოცავი და დღეობაზე წასვლა გადავწყვიტეთ. ჩემს მეჯვარესთან, ბერდია არაბულთან ერთად წავედით. პირველ დღეს შატილში დავრჩით ნათესავებთან, მეორე დღეს კი სალოცავში გადავედით.
მოვილოცეთ და უკან რომ მოვტრიალდით, ბერდიას უთქვამს სოფოსთვის, გული ვერ მაქვს კარგადო. არ ვიცი, გული აწუხებდა თუ ნაბახუსევი იყო. უკვე რთული გზიდან ჩამოსული ვიყავით და სწორი გზა იწყებოდა.
სოფოს შეუთავაზებია, დავჯდები საჭესთან, თუ გინდაო, მაგრამ ბერდიას უთქვამს, არა, გეხუმრეო და გზა გააგრძელა. ცოტა ხანში თავი უკან გადავარდნია. გულის მხარე გაშავებული ჰქონდა. სავარაუდოდ, გულის შეტევა მიიღო“, - იხსენებს დაიაური.
მისი თქმით, ავტომობილი დაახლოებით 2-3 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და მდინარეში ზურგზე დაეცა. გელა დაიაური იხსენებს, რომ ავარიის შემდეგ მანქანიდან თავის დაღწევა უკიდურესად გაუჭირდა.
"თორნიკემ მითხრა, ბავშვები დაიძახე და წინ გადახტიო, მაგრამ ეს არ მახსოვს. შემდეგ მახსოვს, რომ ვიხრჩობოდი. მანქანა მდინარეში ზურგზე დაეცა. უკან სხვა მანქანებიც მოგვყვებოდა, საბედნიეროდ, მათ ავტომობილის უკანა ნაწილი ჩაუმტვრიეს, რომ იქიდან გამოვეყვანეთ. თორემ, ვინც გადავრჩით, ისინიც ვერ გადავრჩებოდით.
ერთი რამ მახსოვს: ბავშვის მოშვებული ხელი დავიჭირე ხელში და ვიფიქრე, არ დავახრჩო-მეთქი, შემდეგ კი ხელი გავუშვი. თვითონ წყლიდან ამოსვლას ვერ ვახერხებდი, ფეხი გაჭედილი მქონდა“, - იხსენებს ის.
გელა დაიაურის თქმით, ეგონა, მანქანაში დაახლოებით 15 წუთი გაატარა, თუმცა მოგვიანებით გაიგო, რომ იქიდან მის გამოყვანას ერთი საათი დასჭირდა. თეონა ქუმსიაშვილი ავტომობილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, მდინარეში იპოვეს.

"მუცოში რომ ჩამოგვიყვანეს, გამეღვიძა და სიცივისგან ვკანკალებდი. ბიძაშვილი მეჯდა გვერდით და ვკითხე, გადარჩენილი მყავს ვინმე-მეთქი? მიპასუხა, არაო. ჩვენთან ასეთი წესია - პირდაპირ უნდა უთხრა ადამიანს და არაფერი დაუმალო.
შემდეგ შატილში დაუსვენებიათ ჩემი მეუღლე და ბავშვი. მეორე ბავშვი კი დაკარგული იყო“, - იხსენებს დაიაური.
მისი თქმით, დაკარგული ბავშვის ძებნა მდინარე არღუნშიც გაგრძელდა, რომლის დინებაც ჩეჩნეთის მიმართულებით მიედინება, თუმცა მისი პოვნა ვერ მოხერხდა.
"გავიხარე, რომ რაღაც ვიპოვე. ყველაფერი ვიყიდე, რომ მიწისთვის მიმებარებინა. რატომღაც ვიფიქრე, რომ ბავშვის ნაწილი იყო. ბედნიერი ვიყავი, რომ ვიპოვე. შემდეგ მითხრეს, ცხვრის ბატკნის თმა აღმოჩნდაო“, - იხსენებს გელა დაიაური.