დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში საქორწინო წვეულება ტრაგედიით დასრულდა. 31 წლის ცნობილი რუსი სპორტსმენი, ძიუდოში ევროპის თასის მფლობელი და სამბოში რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი მაგომედ [ვაცილოვ] დავუდოვი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი უკვე დააკავეს.

ტრაგედია 14 ნოემბერს, მაჰაჩყალაში მდებარე რესტორან “მარრაკეშში“, საქორწინო ცერემონიის დროს მოხდა. სამართალდამცველთა წინასწარი მონაცემებით, კონფლიქტი სტუმრებს შორის უშუალოდ წვეულების მსვლელობისას, სპონტანურად წარმოიშვა და იგი ძველ შუღლთან დაკავშირებული არ ყოფილა.
სიტყვიერი შელაპარაკება სწრაფად გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ერთ-ერთმა მამაკაცმა 31 წლის სპორტსმენს ცეცხლსასროლი იარაღიდან საფეთქლის არეში ესროლა. მძიმედ დაჭრილი დავუდოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც სპორტსმენი შენობიდან გარეთ გამოვიდა და სროლა მოძრავი შავი “Toyota Camry“-ს მარკის ავტომობილიდან განხორციელდა. თუმცა, საგამოძიებო კომიტეტმა ეს ვერსია არ დაადასტურა და განმარტა, რომ მსროლელი საქორწინო კონფლიქტის უშუალო მონაწილე იყო.
დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, გაიანა გარიევას ცნობით, დაპირისპირების მონაწილეები ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
14 ნოემბრის საღამოს პოლიციამ სავარაუდო მსროლელის ვინაობა დაადგინა. იგი მაჰაჩყალის 23 წლის მცხოვრები აღმოჩნდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა დააკავეს.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (“განზრახ მკვლელობა“). გამოძიება დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
გავრცელებული ცნობებით, 23 წლის ეჭვმიტანილს იარაღთან დაკავშირებული პრობლემები წარსულშიც ჰქონდა. 2024 წელს მას ტრავმატული პისტოლეტი და ტარების უფლება ჩამოართვეს, თუმცა მან მოგვიანებით ანალოგიური იარაღი ხელახლა შეიძინა.
საქმის გამოძიებას მაჰაჩყალის საბჭოთა რაიონის პროკურატურა აკონტროლებს.

ვაცილოვ დავუდოვი ცნობილი რუსი მოჭიდავე იყო, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. იგი ბავშვობიდან ძიუდოთი და სამბოთი იყო გატაცებული, ფლობდა რუსეთის სპორტის ოსტატის წოდებას და წარმატებებს აღწევდა ეროვნულ და საერთაშორისო ტურნირებზე.
2016 წელს დავუდოვმა ძიუდოში ევროპის თასი მოიგო. 2022 და 2023 წლებში იგი ძიუდოში რუსეთის თასის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 2023 წელს ქალაქ პერმში გამართულ რუსეთის ჩემპიონატზე სამბოში მესამე ადგილი დაიკავა.
სპორტსმენი ტრაგიკულად 31 წლის ასაკში დაიღუპა.