ავტორი:

7 თვის ორსული ცოლი კლდიდან გადააგდო, დაზღვევის თანხა მიიღო და სამუდამო პატიმრობის მიუხედავად, ციხიდან გაათავისუფლეს - გახმაურებული მკვლელობის საქმე თურქეთში

7 თვის ორსული ცოლი კლდიდან გადააგდო, დაზღვევის თანხა მიიღო და სამუდამო პატიმრობის მიუხედავად, ციხიდან გაათავისუფლეს - გახმაურებული მკვლელობის საქმე თურქეთში

თურქი მამაკაცი, რომელმაც დაზღვევის თანხის მისაღების მიზნით, ორსული ცოლი კლდიდან გადააგდო, სულ რაღაც ექვსწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ამბავს საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

  • აღსანიშნავია, რომ მამაკაცს შემზარავი დანაშაულის გამო, სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მიუხედავად ამისა, თურქეთის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პლენუმმა ჰაქან აისალსთვის გამოტანილი უვადო პატიმრობის განაჩენი გააუქმა და მისი გათავისუფლება გადაწყვიტა.

"ჩემი კლიენტის ექვსწლიანი უსამართლო პატიმრობა, რომლის დაახლოებით ოთხი წელიც მან სამარტოო საკანში გაატარა, დასრულდა", - განაცხადა აისალის ადვოკატმა.

  • 45 წლის აისალმა თავისი 32 წლის ცოლი "პეპლების ხეობის" (Butterfly Valley) კლდიდან გადააგდო, მანამდე კი მასთან ერთად სელფები გადაიღო.

აისალის ადვოკატები და უზენაესი სასამართლოს მთავარი პროკურორი, ომერ თაში, აცხადებდნენ, რომ მამაკაცის გასამართლებისთვის საკმარისი და დამაჯერებელი მტკიცებულებები არ არსებობდა.

თურქი პროკურორების მტკიცებით, აისალმა ფეხმძიმე მეუღლეს, რომელიც შვიდი თვის ორსული იყო, ხელი ჰკრა და კლდიდან გადააგდო.

მათივე განცხადებით, აისალმა მეუღლის სახელზე 25 000 დოლარის ოდენობის უბედური შემთხვევის დაზღვევა გააფორმა, რომლის ბენეფიციარადაც საკუთარი თავი მიუთითა. მათი მტკიცებით, ცოლის გარდაცვალების შემდეგ მან სადაზღვევო თანხა მიიღო.

აისალი, რომელიც ერთ დროს ცდილობდა, თავი ფსიქიკურად შეურაცხადად ეცნო, ამჟამად დანაშაულს უარყოფს. მისი მტკიცებით, მეუღლე კლდიდან არ გადაუგდია და ქალი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მან რამდენიმე წამით ზურგი აქცია.

აისალის გათავისუფლებას ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღშფოთებულები არიან და მიიჩნევენ, რომ ბრალდებულის გათავისუფლება სამართლიანობის აღდგენას ხელს უშლის.

აისალის გათავისუფლება გააკრიტიკა თურქეთის სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანების, „ახალი პარტიის“ ქალთა ფრთამაც. ორგანიზაცია სემრა აისალისა და მისი ჯერ არდაბადებული შვილისთვის სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს.

"ქალი და მისი შვიდი თვის მუცლად მყოფი ბავშვი დაიღუპნენ. ბრალდებული, რომელსაც უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ახლა თავისუფალია. ჩვენ ვკითხულობთ: ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა სემრასა და მისი შვილის მკვლელობისთვის?!“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

წყარო: nypost.com/

მოამზადა: ანა სიბოშვილმა