კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიის გამოცხადებიდან ექვსი თვის შემდეგ ვირუსის გავრცელების შეჩერება კვლავ ვერ ხერხდება. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას ჯანდაცვის სისტემის მძიმე მდგომარეობა, სამედიცინო პერსონალის გაფიცვები, ფინანსური რესურსების გაუმჭვირვალობა და რეგიონში არსებული შეიარაღებული კონფლიქტიაფერხებს.
ეს კონგოს ისტორიაში დაავადების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სასიკვდილო აფეთქებაა. არსებული მაჩვენებლები უკვე უახლოვდება და შესაძლოა გადააჭარბოს დასავლეთ აფრიკაში 2014-2016 წლებში ებოლას ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობას, რომელმაც დაახლოებით 11 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ვირუსის გავრცელების შესაკავებლად გატარებული ძირითადი ღონისძიებები, მათ შორის ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა და მათი იზოლაცია, კვლავ არასაკმარისია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეპიდემიის კონტროლქვეშ მოქცევის პერსპექტივა მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც ნაკლებად იმედისმომცემია.
ეპიდემიის გამოცხადების დროისთვის, მაისის შუა რიცხვებში, ქვეყანაში უკვე 43 გარდაცვალების შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ეს მიუთითებს, რომ ვირუსი მანამდე დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნევლად ვრცელდებოდა. მას შემდეგ ინფექცია ქვეყნის 26 პროვინციიდან რვაში გავრცელდა. დახმარების ჯგუფები ვითარებას ტყის ხანძარს ადარებენ, რადგან ახალი კერები კვლავ ჩნდება და ისედაც გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემას დამატებით ტვირთად აწვება.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის აფრიკული ცენტრების მონაცემებით, ახალი შემთხვევების 80% იმ პირებს შორის ფიქსირდება, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის ზედამხედველობის ქვეშ არ იმყოფებიან. ეს ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა უმეტესობის გამოვლენა და მათი კონტაქტების დადგენა დროულად ვერ ხერხდება.
გარდაცვალების შემთხვევების დაახლოებით მესამედი სახლებში ან საზოგადოების სხვა სივრცეებში ფიქსირდება. ამასთან, დაკრძალვისა და სხვა რიტუალური პროცედურების ჩატარებისას ხშირად არ არის დაცული უსაფრთხოების წესები, რაც ვირუსის შემდგომი გავრცელების რისკს ზრდის.
საერთაშორისო დახმარების ჯგუფები ასევე აკრიტიკებენ ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესის მართვას. გასულ თვეში აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა შეშფოთება გამოთქვა ებოლასთან ბრძოლისთვის გამოყოფილი 700 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების გაუმჭვირვალე განკარგვის გამო.

დაავადებული ბავშვების უმრავლესობას სპეციალიზებულ სამედიცინო დახმარებაზე ხელი არ მიუწვდებოდა, რაც სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს.
ეპიდემიასთან ბრძოლას ხელს უშლის სოციალური და კულტურული ფაქტორებიც. ჯანდაცვის მუშაკებს ხშირად უწევთ ადგილობრივ ტრადიციებთან და რელიგიურ პრაქტიკასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვა, რადგან ინფექციის პრევენციისა და გავრცელების შეჩერების ღონისძიებები ზოგჯერ მოსახლეობის დამკვიდრებულ წესებს ეწინააღმდეგება.

ეპიდემიის ძირითადი კერები აღმოსავლეთ კონგოში, განსაკუთრებით იტურისა და ჩრდილოეთ კივუს პროვინციებშია თავმოყრილი. ადგილობრივი მოსახლეობა ერთდროულად ებრძვის როგორც სასიკვდილო ინფექციას, ისე შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეულ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს.
ვირუსის გავრცელებამ აფრიკის სხვა ქვეყნებშიც გააჩინა ეპიდემიის გაფართოების საფრთხე. ნიგერიაში, კენიასა და უგანდაში დაფიქსირებული შემთხვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ებოლას ეს აფეთქება გეოგრაფიული მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ეპიდემიად სახელდება.