ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა, მსოფლიო სენიორთა ჩემპიონატზე 75+ ასაკობრივ კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. მან 11-იდან 7 ქულით გაიმარჯვა და სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეცხრედ მოიპოვა.
გარდა სპორტული წარმატებისა, გაფრინდაშვილი სპეციალური ჯილდოთი დაჯილდოვდა. ტურნირის მე-9 რაუნდის დაწყებამდე გამართულ ცერემონიაზე, სერბეთის ჭადრაკის ფედერაციამ ხუთ გამორჩეულ მოჭადრაკეს გადასცა სპეციალური ჯილდოები ჭადრაკში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მათ შორის პირველი ჯილდო სწორედ ქართველ ლეგენდას გადაეცა.
სერბეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, ანდრია იორგიჩმა, დაჯილდოების ცერემონიაზე ხაზი გაუსვა ქართველი მოჭადრაკის განსაკუთრებულ წვლილს ჭადრაკის განვითარებაში.
ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია. ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 16 წლის განმავლობაში, 1962-დან 1978 წლამდე ინარჩუნებდა. 1978 წელს კი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი, რომელსაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა.