მარიამ სადღობელაშვილი ქართული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. სოციალურ ქსელებში გამოჩენისთანავე დიდი სიყვარული მოიპოვა და წლების მანძილზე ეს სიყვარული უფრო და უფრო იმატებს, რადგან ახალგაზრდა გოგონა მუდმივად ხალისიან განწყობაზეა, სიცოცხლით ტკბება და კარგ განწყობას ათასობით ადამიანს გადადებს... თუმცა მისი ცხოვრება არ ყოფილა ადვილი.
მარიამ სადღობელაშვილის 3 თვის ასაკში სეფსისი დაუდასტურდა, რასაც მრავალი გართულება მოჰყვა. 3 თვიდან 18 წლამდე არაერთი ოპერაცია გადაიტანა. როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ ოპერაციების შედეგია მისი დღევანდელი მდგომარეობა და შესაძლოა, ყველაფერი გაცილებით რთულადაც ყოფილიყო. სად არის ახლა და რა საქმით არის დაკავებული, მარიამ სადღობელაშვილი თავად გვესაუბრა..
- მარიამ, როგორია თქვენი დღევანდელობა?
- ჩემი დღევანდელობა კარგია. ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, რომ კარგი იყოს. ამ ბოლო პერიოდში, ცვლილებები მოხდა, დავუბრუნდი ჩემს ადგილს, ზესტაფონს, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მაქვს ჩემი პატარა საქმე, რომელიც მანიჭებს ძალიან დიდ სიამოვნებას და მეხმარება იმაში, რომ ვიყო დამოუკიდებელი ქალი ცხოვრებაში.

- რას საქმიანობთ?
- დაახლოებით ორი წლის წინ თბილისში ჩემი პატარა ფოტოსტუდია გავხსენი. თავიდან, რთული იყო იქ ამ საქმის განვითარება, მაგრამ ნელ-ნელა წინ წავედი. შემდეგ ბევრმა გახსნა, იმ უბანში სადაც მე მქონდა, სხვა უბნებშიც და უკვე კონკურენცია საკმაოდ გაიზარდა. ამიტომ ცოტა ხანი გაჩერდა ყველაფერი. შემდეგ მამამ, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა, გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა (დედაც წასულია, ჩემი ძმაც, მთელი ეს პერიოდი, მარტო ვცხოვრობდი თბილისში)
მამას ვუთხარი, შენ თუ საზღვარგარეთ აღარ დაბრუნდები, მე ამ ყველაფერს წამოვიღებ და ზესტაფონში გადმოვალ -თქო. ასე ვთქვათ, მამის იმედად გადმოვედი. თან აქ ნაკლები კონკურენციაა და მეტი მოთხოვნა ყველაფერზე. იმდენი დრო, რესურსი, ფინანსები და ენერგია ჩავდე ამ ყველაფერში მარტომ, ასე ერთი ხელის მოსმით რომ დავნებებულიყავი, არ მქონდა უფლება.
ახლა უფრო მეტი მოტივაცია, საქმე და ენერგია მაქვს, უფრო მეტად ვიხარჯები და ვცდილობ, ჩემი სივრცით კმაყოფილი დარჩეს ჩემი ზესტაფონის საზოგადოება. ვცხოვრობ მამასთან ერთად, მაქვს ჩემი საქმე, დღეებიც უფრო ლამაზი და კარგია.
- რაღაც კუთხით რთული არ იყო თბილისში ცხოვრებას შელეოდით?
- რა თქმა უნდა, რთული იყო და არის დღემდე! ჩემი მეგობრების უმრავლესობა იქ არის, მაგრამ შენი საქმე სადაც უფრო კარგად აეწყობა და განვითარდები, იქ უნდა იყო. ეს ჩემი პირადი აზრია. ჩემი საყვარელი საქმე მაძლებინებს, თორემ უსაქმურად ყოველდღიური ცხოვრება აქ ძალიან გამიჭირდებოდა.
- ოჯახის წევრები ძალიან გენატრებოდათ, დღეს როგორია თქვენი ოჯახური იდილია?
- რა თქმა უნდა, რთულია შენი ოჯახის წევრების გარეშე ყოფნა, თუმცა ადამიანები ყველაფერს ვეჩვევით და ამ სირთულეებთან ერთად ვცხოვრობთ. მამა ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ისე როგორც დედა, ჩემი ძმა. ყველაზე ღირებული, რაც გამაჩნია და უფალს სულ მადლობას ვეუბნები, მე რომ ვარ მათი ოჯახის წევრი. ახლა, მამასთან ერთად ცხოვრება ძალიან კარგია და იმედი მაქვს, მალე დედაც და ძმაც შემოგვიერთდებიან.

- სახლის საქმეები არ მოგემატათ, სამზარეულოში ფუსფუსებთ?
- სახლის საქმეები ისედაც ჩემზე იყო. სამზარეულოს რაც შეეხება, არც მეხერხება სამზარეულოში ტრიალი და არც მიყვარს.
- გამოჩენისთანავე ხალხს თავი შეაყვარეთ და ეს სიყვარული სულ უფრო იმატებს... როგორ შეგიძლიათ, იყოთ ყოველთვის დადებითი და სიცოცხლის ყველა წუთით ტკბებოდეთ?
- ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ ცხოვრებისეული განსაცდელი მაქვს ბავშვობიდან. უარესად არ ვარ, ვიდრე შეიძლება ვიყო, ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად. მერე შედარებებს აკეთებ და მადლიერი ხარ იმის, როგორიც ხარ, ვინც ხარ და რაც გაჩუქა ღმერთმა.
- ერთგან გიწერიათ, მხოლოდ თქვენ იცით რამდენჯერ ააშენეთ საკუთარი თავი თავიდან
- ბევრჯერ.. .ისევ მადლიერების შეგრძნება, რომ არ ვარ იმაზე ცუდად, ვიდრე სხვა. კი მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ეს არ არის მარტივი, მაგრამ ცოცხალი ვარ, ჩემით ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ, არ მჭირს ისეთ რამ, რაც საფრთხეს უქმნის ჩემს სიცოცხლეს. ეს რამდენს ნიშნავს? - ძალიან, ძალიან ბევრს! დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ჩემი ფეხი მათ პრობლემასთან შედარებით,ზღვაში წვეთია.
- სოციალურ ქსელში ოდესმე ცუდი კომენტარი დაუწერიათ, ნეგატივი გიგრძნიათ?
- კი,რა თქმა უნდა! ყველას ვერ მოეწონები, ან მე ვინ ვარ, მზე და მთვარე ჩემზე ამოდიოდეთ?! ყველა მეც არ მომწონს. უბრალოდ გააჩნია, როგორ გამოხატავ ან არ გამოხატავ საერთოდ. მე არ გამოვხატავ, ცუდ კომენტარს არ ვუწერ, თუ არ მომწონს, არ ვუყურებ.
- ძალიან ლამაზად იმოსებით, ამაზეც რომ გვესაუბროთ...
- მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავის ჩაცმის სტილი და მიმართულება, უბრალოდ უნდა იპოვონ. ზოგადად მოდაში ის არის, რაც შენ გიხდება. მე როგორღაც ვნახე, ჩემი სტილი და მიხარია, თუ ყურადღებას იპყრობს ადამიანების მხრიდან. ბევრი მეუბნება კომპლიმენტს და დიდი მადლობა მათ ამისთვის.
- ამას ყოველთვის ახერხებთ, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა...
- კი, საქმე მაქვს, გადაღებების გარდა, ჩემი ბიზნესის სოც.მედიასაც მე ვაკეთებ, ყველაფერს, რასაც სოც. მედია გულისხმობს .