ავტორი:

"როცა ისეთ კლუბში მიდიხარ, როგორიც არის პსჟ კარგად ჩაცმაც უნდა იცოდე... პირველ რიგში, სტილისტი დავიქირავე" - ხვიჩა კვარაცხელია GQ-ს 2026 წლის რჩეულ მამაკაცთა შორის დასახელდა

"როცა ისეთ კლუბში მიდიხარ, როგორიც არის პსჟ კარგად ჩაცმაც უნდა იცოდე... პირველ რიგში, სტილისტი დავიქირავე" -  ხვიჩა კვარაცხელია GQ-ს 2026 წლის რჩეულ მამაკაცთა შორის დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია გამოცემა GQ France-მა 2026 წლის რჩეულ მამაკაცთა შორის დაასახელა. გამოცემამ გამოაქვეყნა "კვარასთან" ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. GQ France ფეხბურთელის კარიერულ გზას, მის წარმატებას, "ნაპოლიში“ გატარებულ პერიოდს, პსჟ-ში გადასვლასა და საქართველოსთან კავშირს მიმოიხილავს. ინტერვიუში კვარაცხელია ბავშვობის მოგონებებზე, მამაზე, ფეხბურთისადმი დამოკიდებულებასა და პარიზულ ცხოვრებაზეც საუბრობს.

გამოცემა სტატიას ქართველი ფეხბურთელის მძიმე ტრავმის გახსენებით იწყებს. 20 ოქტომბერს, "პარი სენ-ჟერმენისა“ და "ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს, კვარაცხელიამ მუხლის მძიმე დაზიანება მიიღო. ფრანგული გამოცემის ცნობით, გამოკვლევების შედეგად ჯვარედინი მყესის გაწყვეტა დადასტურდა, რაც ფეხბურთელს მოედანს, სულ მცირე, ექვსი თვით დააშორებდა.

ბავშვობა და ფეხბურთელი მამის გავლენა

ხვიჩა 2001 წელს ფეხბურთელების ოჯახში დაიბადა. მამამისი, ბადრი კვარაცხელია, ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელია. სწორედ მამა იყო მისი პირველი საფეხბურთო კერპი.

"ის ჩემი კერპი იყო. მაშინ ისეთი YouTube არ არსებობდა, როგორიც დღეს არის. დედაჩემის ჩაწერილ მატჩებს უსასრულოდ ვუყურებდი. ძალიან ძლიერი იყო, შორიდან წარმოუდგენლად კარგად ურტყამდა. ერთხელ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი ჰეთ-თრიქი შეასრულა. მინდოდა, მას დავმსგავსებოდი“, – იხსენებს ხვიჩა.

  • ქართველი ფეხბურთელი ბავშვობის პერიოდსაც იხსენებს, როდესაც მეგობრებთან ერთად ქუჩაში, კორპუსებს შორის მოწყობილ მოედნებზე თამაშობდა. მისი თქმით, საქართველოში ასეთი მოედნები შენობებით არის გარშემორტყმული და თამაშის დროს ფანჯრებიდან ყველა აკვირდება ფეხბურთელებს.

"როცა თამაშობ, ყველა ფანჯარასთან დგება, რომ მატჩს უყუროს. სხვა გზა არ გაქვს, რაღაც უნდა აჩვენო“, – ამბობს კვარაცხელია.

სწორედ ამ გარემოში განუვითარდა მას დრიბლინგის განსაკუთრებული უნარი, რომელმაც მოგვიანებით თბილისის "დინამოს“ აკადემიამდე მიიყვანა.

რუსეთში წარუმატებლობიდან იტალიის ჩემპიონობამდე

GQ კვარაცხელიას კარიერის პირველ სირთულეებსაც იხსენებს. გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელს თავდაპირველად ფიზიკური მონაცემები უშლიდა ხელს, რის გამოც თანატოლებზე უფროს ასაკობრივ გუნდებში თამაში უჭირდა.

ხვიჩა ამბობს, რომ საყვარელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს მაგალითზე, ჩვეულებრივზე ორჯერ მეტს ვარჯიშობდა.

16 წლის ასაკიდან ის უკვე "დინამო თბილისის“ პირველ გუნდში თამაშობდა. მოგვიანებით კარიერა რუსულ "ლოკომოტივში“ გააგრძელა, თუმცა მოსკოვურ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და სათამაშო დროის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა.

შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ყაზანის "რუბინში“ გადავიდა, სადაც მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა, ფიზიკურად გაძლიერდა და რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელად იქცა. ზედიზედ ორჯერ მიიღო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კვარაცხელიამ "რუბინის“ დატოვება გადაწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა. GQ აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულმა რთულმა ურთიერთობებმაც მოახდინა, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ.

ხვიჩა ბათუმის "დინამოში“ გადავიდა და კლუბში მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა,ამ პერიოდში რვა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

"ეს ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი თვე იყო“, – ამბობს კვარაცხელია.

ამის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი იტალიურ "ნაპოლიში“ გადავიდა. 2023 წელს, როდესაც ნეაპოლურმა კლუბმა იტალიის ჩემპიონატი მოიგო, კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სწორედ მაშინ მიიღო მან მეტსახელი "კვარადონა“, დიეგო მარადონასთან შედარების გამო.

"ეს მეტსახელი გარკვეულწილად ზეწოლასაც ახდენდა ჩემზე. ნეაპოლში მარადონა ღმერთივითაა. ამიტომ მასთან შედარება ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა“, – აღნიშნავს ქართველი ფეხბურთელი.

რატომ აირჩია კვარაცხელიამ პსჟ?

GQ წერს, რომ "ნაპოლიში“ წარმატებული სეზონის შემდეგ ვითარება შეიცვალა. მომდევნო სეზონში გუნდი ვეღარ იმეორებდა წინა წლის შედეგს, კვარაცხელიას თამაშიც ნაკლებად ეფექტური გახდა, ფეხბურთელს კი ხელფასის გადახედვის საკითხზე იმედგაცრუება ჰქონდა. ხვიჩამ კლუბის დატოვება მოისურვა, თუმცა თავდაპირველად ამის საშუალება არ მიეცა.

პარიზულ კლუბში მისი გადასვლა საბოლოოდ 2025 წლის იანვარში ოფიციალურად დადასტურდა. ტრანსფერის ღირებულება, გამოცემის ცნობით, დაახლოებით 70 მილიონი ევრო იყო.

კვარაცხელიას თქმით, როგორც კი პსჟ-ის ინტერესი შეიტყო, პარიზში გადასვლა მაშინვე მოინდომა.

"როცა მითხრეს, რომ პსჟ ჩემით იყო დაინტერესებული, მაშინვე იქ წასვლა მოვინდომე. მანამდე მათ მატჩებს ვუყურებდი და ვხედავდი გულშემატკივრების განსაკუთრებულ ერთგულებას. მინდოდა, მათთვის მეთამაშა“, – ამბობს ის.

კვარაცხელია და პარიზული მოდა

ინტერვიუში ქართველი ფეხბურთელი პარიზულ ცხოვრებასა და მოდაზეც საუბრობს.

მისი თქმით, პსჟ-ში გადასვლის შემდეგ მიხვდა, რომ ჩაცმის სტილსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცია და სტილისტი დაიქირავა.

"როცა ისეთ კლუბში მიდიხარ, როგორიც პარიზია, იცი, რომ კარგად უნდა იყო ჩაცმული. ერთ-ერთი პირველი რამ, რაც გავაკეთე, სტილისტის მოძებნა იყო“, – ამბობს ქართველი ფეხბურთელი.

კვარაცხელიას პარიზში მცხოვრებ ქართველ დიზაინერებთან, ძმებ დემნა და გურამ გვასალიებთანაც აქვს ურთიერთობა. მისი თქმით, მათ რამდენჯერმე მოდის ჩვენებებზეც მიიწვიეს, თუმცა მატჩებისა და დატვირთული გრაფიკის გამო დასწრება ვერ მოახერხა.

"ისინი ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანები არიან. საქართველოში ყველა ამაყობს იმით, რასაც ისინი მოდის სფეროში აკეთებენ“, – აღნიშნავს ხვიჩა.