ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ვენესუელელი ბიზნესმენი ჯორჯინა უსკატეგი, განქორწინების შესახებ საჯაროდ ალაპარაკდა. პოდკასტ El Cafetal-ში მან გაიხსენა, რამდენად მძიმე აღმოჩნდა ქორწინების დასრულება, როგორ იმოქმედა მასზე მედიის ყურადღებამ და რა სირთულეების გადალახვა მოუხდა მცირეწლოვან შვილზე ზრუნვის პარალელურად.
30 წლის ჯორჯინას თქმით, განქორწინება მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო.
ქალი ამბობს, რომ განქორწინების დროს მისთვის განსაკუთრებით რთული იყო უცხო ქვეყანაში, ოჯახისგან შორს ყოფნა, მცირეწლოვან შვილზე ზრუნვა და შექმნილი მძიმე მედიაგარემო.

"ვიმყოფებოდი ქვეყანაში, რომელიც ჩემი არ არის, ოჯახისგან შორს, მყავდა ერთი წლის ბავშვი და ამ ყველაფერს თან ახლდა ძალიან მძიმე მედია ყურადღება. განქორწინება თავისთავად მტკივნეული და რთული პროცესია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ბევრი სხვა გარემოებაც დაემატა, რამაც ეს ყველაფერი ჯოჯოხეთად აქცია“, – განაცხადა უსკატეგიმ.
მიუხედავად სირთულეებისა, ჯორჯინა მიიჩნევს, რომ განქორწინება სწორი გადაწყვეტილება იყო.
"ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მარტივი არასდროს არის და არც თავად პროცესია ადვილი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რისი მიღებაც შემეძლო“, – აღნიშნა მან.
"ურთიერთობის გაგრძელება ნიშნავდა, რომ საკუთარ თავთან ისეთ კომპრომისზე წავსულიყავი, რომელსაც ვერ მივიღებდი“, – განაცხადა მან.

ინტერვიუში მან განქორწინების გარშემო არსებული საჯარო განხილვებიც გაიხსენა. ჯორჯინას თქმით, მედიაში გავრცელებული ვერსიების მოსმენა ემოციურად ძალიან მძიმე აღმოჩნდა და თავდაპირველად დეპრესიულ მდგომარეობაშიც აგდებდა.
უსკატეგიმ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა ასწავლა ამ გამოცდილებამ. მისი თქმით, ურთიერთობის შესანარჩუნებლად ადამიანმა საკუთარ პრინციპებსა და სურვილებზე უარი არ უნდა თქვას.
"ყველაფერი შეიძლება ფოტოზე ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მიმეღო გადაწყვეტილება და მეთქვა: არა, ამ ეტაპზე ეს არ არის ის, რაც ჩემი ცხოვრებისთვის მინდა. მადლობელი ვარ კარგი მომენტებისთვის, მაგრამ ის, რაც არ არის სწორი, აღარ მინდა“, – განაცხადა მან.
ჯორჯინამ აღიარა, რომ განქორწინების პროცესს თან ახლდა შიში, სევდა და დიდი იმედგაცრუება. მისი თქმით, ამ პერიოდში სულიერად და ფსიქოლოგიურად იმდენად გატეხილი იყო, რომ არ იცის, როგორ გაუმკლავდებოდა ყველაფერს "ღმერთთან ურთიერთობის გარეშე".
"ვფიქრობ, ღმერთთან ასეთი ურთიერთობა რომ არ მქონოდა, არ ვიცი, როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი. ფსიქოლოგიურად და სულიერად თავს ძალიან, ძალიან გატეხილად ვგრძნობდი“, – აღნიშნა მან.
მისი შეფასებით, მძიმე გამოცდილებამ საბოლოოდ უფრო ძლიერი გახადა, თუმცა არ მალავს, რამდენად რთული იყო ამ მდგომარეობამდე მისვლა.