“ჩემს ცხოვრებაში მართლაც განსაკუთრებული და ძალიან სასიხარულო სიახლეა - 14 ნოემბერს საქართველოში გამართული საერთაშორისო სილამაზისა და ტალანტის კონკურსის, “Mrs Planet - 2026“- ის გამარჯვებული გავხდი და “მისის პლანეტა 2026“-ის გვირგვინი მოვიპოვე. ფინალური ღონისძიება ისტორიულ სასახლეში “არკადია საქართველო“ გაიმართა და მასში 22 ქვეყნის წარმომადგენელი, წარმატებული ქალი მონაწილეობდა,“ - გვეუბნება 36 წლის ნინა ჯალიაშვილი, ორი არაჩვეულებრივი შვილის (9 წლის ნიკოლოზი და 6 წლის მარიამი) დედიკო.
ნინა ჯალიაშვილი პროფესიით ჟურნალისტია, მუშაობს ტელევიზიაში და სამი ბიზნესგადაცემის - “დილის მონეტიზაციის“, “მონეტიზაციის“ და “შენობით ბიზნესთან“ - პროდიუსერი და ბიზნეს-რეპორტიორია.
როგორ აღმოჩნდა ჟურნალისტი სილამაზის კონკურსზე, როგორ მიაღწია წარმატებას და ამ ყველაფერმა რა შთაბეჭდილება თუ ემოცია დაუტოვა, ამაზე თავად გაგვესაუბრება.
- ეს იყო მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება, რომლის ორგანიზატორიც სამოდელო სააგენტო “კატრინი“ (Katrini Model Agency) გახლდათ. კონკურსის დამფუძნებლები არიან ეკატერინე მგალობლიშვილი საქართველოდან და ირინა პაპაზოვა ბულგარეთიდან. კონკურსში მონაწილეობა ეკატერინა მგალობლიშვილმა შემომთავაზა. ამ ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო “მწვანე პლანეტა“ ბუნების დაცვა, გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა იმ სამყაროს წინაშე, რომელშიც ვცხოვრობთ. სწორედ ეს იდეა ანიჭებდა კონკურსს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რადგან გვახსენებდა, რომ სილამაზესთან ერთად, ჩვენ უნდა გვქონდეს გაცნობიერებული პასუხისმგებლობაც ჩვენი პლანეტის მომავლის მიმართ.
- კონკურსში მონაწილეობდა 22 ქვეყანა, თითოეულ მონაწილეს გვევალებოდა მაქსიმალურად წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყანა, თავისი ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით, ნაციონალური სამოსით და მთავარი მესიჯი რაც იყო - “მწვანე პლანეტა“ - შესაბამისი სამოსი წარმოგვედგინა.
ამდენი ქვეყნის წარმომადგენელ ქალბატონთან ერთად ყოფნა, სხვადასხვა კულტურის გაცნობა და საკუთარი ქვეყნის წარდგენა ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო... შესაბამისად კონკურსმა დამიტოვა ძალიან ლამაზი დღეები და მეგობრები სხვადასხვა ქვეყანაში. 22 ქვეყნის წარმომადგენელ ქალბატონებთან ურთიერთობამ მომცა შესაძლებლობა, გავცნობოდი განსხვავებულ კულტურებს, შეხედულებებსა და ცხოვრებისეულ ისტორიებს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მიუხედავად განსხვავებული ეროვნებისა და კულტურისა, ქალებს ბევრი საერთო ღირებულება, ოცნება და მიზანი გვაერთიანებს...
კონკურსმა მასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენა, ემოციური მდგრადობა, გუნდურობა და პასუხისმგებლობა. ასევე, დამანახა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა უდიდესი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა.
- ვერ ვიტყვი, რომ მოდელობის დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ 2022 წელს მონაწილეობა მივიღე “World rising stars“-ში და გავხდი queen of the year 2022 (2022 წლის დედოფალი) საკმაოდ დიდხანს ვივარჯიშე კატრინში, რომ პოდიუმზე თავდაჯერებულად მევლო, შემდეგ დუბაიში ვიყავი fashio week-ზე და 13 დიზაინერის ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა.
- ჩემი მთავარი მოტივაცია იყო საკუთარი შესაძლებლობების ახალ, საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდა და იმ გამოცდილების მიღება, რომელიც პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში დამეხმარებოდა.
მინდოდა მეჩვენებინა, რომ თანამედროვე ქალს შეუძლია წარმატებით გააერთიანოს პროფესია, ინტელექტი, ქალურობა, თავდაჯერებულობა და საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვა. ამასთანავე, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ღირსეულად წარმოჩენა.
ეს ყველაფერი რთული, რა თქმა უნდა, იყო. ნებისმიერი საერთაშორისო კონკურსი მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობას, მომზადებას, დროს, ემოციურ გამძლეობასა და საკუთარი თავის მუდმივ კონტროლს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 22 ქვეყნის წარმომადგენელ ქალბატონთან ერთად მონაწილეობ და აცნობიერებ, რომ შენი ქვეყნის სახეს წარმოადგენ.
თუმცა სირთულეები არასოდეს აღმიქვამს დაბრკოლებად. პირიქით, მიმაჩნია, რომ სწორედ გამოწვევები გვაძლევს შესაძლებლობას, აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში ის ძალა, რომლის არსებობაზეც შესაძლოა მანამდე არც კი გვიფიქრია.
- რთულია ზუსტად იცოდე, რა გახდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მთავარი განმაპირობებელი, თუმცა ვფიქრობ, მათ ჩემი ინდივიდუალობა, თავდაჯერებულობა, კომუნიკაციის უნარი და შინაგანი თავისუფლება დაინახეს.
- პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ყოველდღიურად მიწევს ადამიანებთან ურთიერთობა, საკუთარი აზრის გამოხატვა, მოსმენა და მნიშვნელოვანი თემების გაშუქება. ვფიქრობ, ეს გამოცდილება სცენაზეც დამეხმარა - ვყოფილიყავი ბუნებრივი და თავისუფალი. ჟიურისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარეგნული მონაცემები, არამედ ისიც, თუ როგორი პიროვნება დგას გვირგვინის უკან, ჩვენ გვქონდა ერთი დღე ინტერვიუ ჟიურისთან, სადაც 22 საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარვდექით კონკურსანტები და მათ კითხვებს ვუპასუხეთ.
საერთოდ, ჩემი პროფესია მაძლევს შესაძლებლობას, ყოველდღიურად შევხვდე საინტერესო ადამიანებს, გავეცნო მათ ისტორიებს, წარმატების გზას, გამოწვევებსა და გამოცდილებას. განსაკუთრებით მიყვარს ადამიანების ისტორიების მიღმა არსებული შრომის, გამბედაობისა და იმ იდეების აღმოჩენა, რომლებმაც მათი წარმატება განაპირობა... ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებისას არ დამჭირვებია სხვა ვინმედ ყოფნა - უბრალოდ საკუთარი თავი წარმოვაჩინე.
ჟურნალისტიკამ მასწავლა მოსმენა, კრიტიკული აზროვნება, პასუხისმგებლობა და მუდმივი განვითარება. მჯერა, რომ ცოდნა და კომუნიკაციის უნარი ნებისმიერი ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. პროფესიული საქმიანობის მიღმა ჩემთვის მნიშვნელოვანია თვითგანვითარება, სილამაზის, ესთეტიკისა და მოდის სამყარო, ახალი გამოწვევები და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა.
- მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო როგორც საერთაშორისო პლატფორმა, რათა უფრო აქტიურად ვისაუბრო ქალთა შესაძლებლობებზე, მათ პროფესიულ განვითარებაზე, თვითრეალიზაციასა და საზოგადოებაში ქალის როლზე. ასევე, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკურსის მთავარი გზავნილის “მწვანე პლანეტისა“ და გარემოს დაცვის იდეის გაგრძელება. მსურს, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებასა და საინტერესო ინიციატივებში ჩემი წვლილი შევიტანო და რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა იცოდეს პლანეტის ყველა წერტილში თუ როგორი მაგარი ქვეყნის წარმომადგენელი ვარ.
ყველა გოგონას, ვისაც მსგავს კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვს, ვეტყოდი - აუცილებლად სცადეთ! ნუ მისცემთ შიშს, ეჭვებს ან სხვის აზრს უფლებას, თქვენს შესაძლებლობებზე უარი გათქმევინოთ. არ იფიქროთ, რომ ასეთი კონკურსები მხოლოდ გარეგნულ სილამაზესა და იდეალურ ვიზუალს არ ეფუძნება. ეს არის შესაძლებლობა, წარმოაჩინოთ საკუთარი ინდივიდუალობა, ინტელექტი, ტალანტი, შინაგანი სამყარო და ის ღირებულებები, რომლებიც თქვენ გამოგარჩევთ. იყავით საკუთარი თავის ერთგულნი, მოემზადეთ მაქსიმალურად და გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების. არ შეგეშინდეთ ახალი გამოცდილების, სცენის, კამერებისა და გამოწვევების. შეიძლება კონკურსების შედეგად ყოველთვის გვირგვინი ვერ მოვიპოვოთ, მაგრამ აუცილებლად მიიღებთ ისეთ გამოცდილებას, ურთიერთობებს და თავდაჯერებულობას, რომლებიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ. ყველაზე მთავარი - არასოდეს იფიქროთ, რომ ოცნებისთვის დაგვიანებულია ან თქვენი შესაძლებლობებისთვის რაიმე ასაკობრივი თუ სხვა საზღვარი არსებობს. მე მინდა, თითოეულმა ქალმა დაიჯეროს, რომ მისი ყველაზე დიდი კონკურენტი საკუთარი შიშია. როდესაც ამ შიშს გადალახავს და საკუთარ თავს შანსს მისცემს, უკვე პირველი გამარჯვებული ხდება. გაბედეთ, სცადეთ და მიეცით საკუთარ ოცნებებს რეალობად ქცევის შესაძლებლობა!