ევროკავშირის 5 წევრი ქვეყანა აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ რუანდაში მიგრანტთა დეპორტაციის ცენტრის შექმნის შესახებ აპირებს. აღნიშნული ინიციატივა არალეგალური მიგრაციის შეკავებისა და დეპორტაციების მაჩვენებლის გაზრდის ფართო სტრატეგიის ნაწილია.
დიპლომატიური წყაროების ცნობით, დეპორტაციის ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმების დეტალები ვენაში გამოცხადდება.
გერმანიამ, დანიამ, ავსტრიამ, საბერძნეთმა და ნიდერლანდებმა ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადეს, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან “დაბრუნების ჰაბების“ შექმნაზე მუშაობდნენ. თავის მხრივ, რუანდამ აგვისტოში დაადასტურა, რომ რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოსთან წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
გავრცელებული ცნობით, პროექტი თავდაპირველად პილოტურ რეჟიმში ამოქმედდება და დაახლოებით 100 ადამიანზე იქნება გათვლილი, სადაც თითოეული ევროპული ქვეყანა 20-მდე მიგრანტს გააგზავნის. ევროპული ქვეყნები ვარაუდობენ, რომ დეპორტაციის ცენტრი 2027 წლისთვის ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ ეს სქემა გავრცელდება მხოლოდ იმ თავშესაფრის მაძიებლებზე, რომლებმაც ევროკავშირში დარჩენის ყველა სამართლებრივი გზა ამოწურეს. ეს მიდგომა განსხვავდება დიდი ბრიტანეთის გაუქმებული გეგმისგან, რომელიც მიგრანტების რუანდაში გაგზავნას მათი განაცხადების განხილვის პროცესშივე ითვალისწინებდა. ბრიტანულმა პროექტმა სამართლებრივი დაბრკოლებების გამო ფუნქციონირება ვერ დაიწყო და იგი 2024 წელს ხელისუფლებაში მოსულმა “ლეიბორისტულმა“ მთავრობამ საბოლოოდ გააუქმა.

ხუთი ევროპული ქვეყანა აცხადებს, რომ მიგრანტების საზღვარგარეთ გაგზავნა სრულად შეესაბამება ევროკავშირსა და საერთაშორისო სამართალს. აღნიშნული შეთანხმება ეფუძნება ევროკავშირის მიერ განხორციელებულ რეფორმას, რომელმაც ბლოკის საზღვრებს გარეთ ასეთი ჰაბების შექმნა დასაშვები გახადა.
პროცესში შესაძლოა ჩაერთოს გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). IOM-ის წარმომადგენლის განცხადებით, ორგანიზაციას ტრანზიტულ სიტუაციებში მიგრანტების დახმარების დიდი გამოცდილება აქვს და ევროპულ ქვეყნებთან “დაბრუნების ჰაბების“ შექმნის გეგმებს განიხილავს.
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოახლოებული არჩევნების ფონზე, მთავრობები ძლიერი პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფებიან, რათა საზოგადოებას მიგრაციული პროცესების ეფექტური კონტროლი აჩვენონ.

უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, მიგრანტების საზღვარგარეთ გაგზავნა შესაძლოა მათ უფლებებს არღვევდეს. Human Rights Watch-ის უფროსმა მკვლევარმა კლემენტინ დე მონჟუამ განაცხადა, რომ რუანდის არჩევა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ამ ქვეყანას “დისიდენტების დევნის, უკანონო დაკავებების, პატიმრობაში ცუდი მოპყრობისა“ და მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიარაღებული ამბოხებულების მხარდაჭერის მძიმე ისტორია აქვს.
ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის პირველ 10 თვეში ევროკავშირში არალეგალური საზღვრის გადაკვეთის 110,000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით ნაკლებია.