გაბონში მცხოვრები გორილა, სახელად ჯოჯო, უკვე წლებია ნაკრძალში ბინადრობს, თუმცა მთელ ცხოვრებას სრულ იზოლაციაში ატარებს. ჩვილობისას ბრაკონიერების მიერ ოჯახამოწყვეტილი და კერძო ზოოპარკში რკინის გალიაში გაზრდილი გორილა დღემდე ვერ პოულობს თანამოძმეს. მეცნიერები და მომვლელები ცდილობენ გაარკვიონ, შესაძლებელია თუ არა ტრავმირებული ცხოველისთვის კომპანიონის პოვნა.

2015 წელს ახალგაზრდა მამალმა გორილამ, ჯოჯომ, პირველი ნაბიჯები გადადგა ბალახზე. იმ მომენტამდე 11 წლის პრიმატმა თითქმის მთელი ცხოვრება გაბონის კერძო ზოოპარკის პატარა გალიაში გაატარა. იგი ჩვილობისას ბუნებიდან გაიტაცეს, ხოლო მისი ოჯახი ბრაკონიერებმა ამოხოცეს.
ათზე მეტი წლის შემდეგ ჯოჯო გაბონში, ლეკედის ნაკრძალში გადაიყვანეს, თუმცა იგი კვლავ მარტო ცხოვრობს - მას გატაცების შემდეგ არც ოჯახი ჰყოლია და არც მეგობრები.
გორილების უმეტესობა ცხოვრების პირველ 14-19 წელს ოჯახურ ჯგუფში ატარებს, თუმცა ჯოჯო სრულ იზოლაციაში, საჯარო სანახაობად ჰყავდათ დამწყვდეული. ნაკრძალის უფროსი მომვლელი მაქს ანაკლეტ მაკაბა აღნიშნავს, რომ ჯოჯოს სხვა პრიმატებთან ან ადამიანეთან ურთიერთობა ძალიან სწყურია: “იგი ფოთლებსაც კი აგროვებს და გვაწვდის, რათა ნუგბარში გადაგვიცვალოს და ჩვენთან კონტაქტში შემოვიდეს“.

ნაკრძალის ხელმძღვანელ ერიკ ვილომის თქმით, როდესაც ჯოჯოსთვის ნაცნობი ქალბატონები ტერიტორიას ტოვებენ, იგი იმპულსურ ხმებს გამოსცემს - იმავე ბგერებს, რომლითაც ველურ ბუნებაში მამალი გორილები მდედრებს უხმობენ.
“თვალებში ეტყობა, რომ მარტოობას განიცდის“, - ამბობს იგი.
2000-დან 2023 წლამდე პრიმატებით გლობალური ვაჭრობის მსხვერპლი 6 000-ზე მეტი აფრიკელი პრიმატი გახდა, ათასობით კი უკანონოდ გადაჰყავთ ეგზოტიკურ შინაურ ცხოველებად, ველურ ხორცად ან ტრადიციული მედიცინისთვის.

სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი ჯილიან ფორესტერი ჯოჯოს ფსიქოლოგიას იკვლევს.
“ის დიდი პრიმატების იზოლაციის ყველაზე უკიდურესი შემთხვევაა, რაც კი ოდესმე მინახავს“, - აცხადებს ფორესტერი.
Aspinall Foundation-ის წარმომადგენელი ტონი კინგი განმარტავს, რომ პატარა ასაკში ოჯახამოწყვეტილი პრიმატები ღრმა ტრავმას განიცდიან: “თუ ისინი საკმარისად დიდები არიან იმისთვის, რომ გაიაზრონ ოჯახის დახოცვა, სიცოცხლის სურვილს კარგავენ. თვალებში სინათლე ქრება“.