კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ყავის რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე, კერძოდ ნაწლავების მოტორიკასა და მსხვილი ნაწლავის შეკუმშვებზე, ასევე უკავშირდება ნაწლავის მიკრობიომის უფრო დიდ მრავალფეროვნებას.

სამეცნიერო კვლევა გამოქვეყნდა სპეციალიზებულ ჟურნალში "Gut Microbiology", რომელიც ნაწლავის მიკროორგანიზმების შესწავლაზეა ორიენტირებული. კვლევის მიზანს ყავის რეგულარულ მოხმარებასა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებულ ფიზიოლოგიურ პირობებს შორის კავშირის შესწავლა წარმოადგენდა.
მკვლევართა ჯგუფმა გამოიყენა მცირე ზომის ელექტრონული კაფსულა, რომელიც მონაწილეებმა გადაყლაპეს, რათა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მისი გადაადგილებისას მომხდარი ცვლილებები დაეფიქსირებინათ. კაფსულა ზომავდა რამდენიმე ძირითად ინდიკატორს, მათ შორის საკვების გავლის დროს, ტემპერატურას, მჟავიანობის დონესა და ნაწლავების შეკუმშვას.
კვლევაში დანიაში მცხოვრები 61 ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც მკვლევრებმა ყავის მოხმარების ინტენსივობის მიხედვით ორ ჯგუფად დაყვეს.

შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ყავას რეგულარულად მოიხმარენ, ნაწლავის მიკროორგანიზმების მრავალფეროვნება უფრო მაღალია იმ მონაწილეებთან შედარებით, რომლებიც ყავას ნაკლებად სვამენ. ეს აღმოჩენა ემთხვევა ადრეულ კვლევებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ ყავას შეუძლია გავლენა იქონიოს ნაწლავის მიკრობიომის - საჭმლის მომნელებელ სისტემაში მცხოვრები ბაქტერიებისა და სხვა მიკროორგანიზმების ერთობლიობის შემადგენლობაზე.
კვლევის წამყვანმა ავტორმა და კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კვების, ვარჯიშისა და სპორტის დეპარტამენტის დოქტორანტმა ფრანჩესკა ბუჩიმ აღნიშნა, რომ ყავის რეგულარული მოხმარება გავლენას ახდენს ნაწლავების ფიზიოლოგიაზე. ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები შედეგი ის იყო, რომ ყავის რეგულარულ მომხმარებლებს წვრილ ნაწლავში მჟავიანობის დონე საგრძნობლად დაბალი ჰქონდათ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ყავას იშვიათად სვამენ. გარდა ამისა, მკვლევრებმა დააფიქსირეს კავშირი ყავის დიდi რაოდენობით მოხმარებასა და მსხვილი ნაწლავის შეკუმშვათა სიხშირეს შორის. კუნთების ეს მოძრაობები ხელს უწყობს ნაწლავის შიგთავსის გადაადგილებას, მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში, ინარჩუნებს კუჭის მოქმედების რეგულარულობას, ეხმარება შეკრულობის თავიდან აცილებასა და ნაწლავის კუნთების ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებას.