ლაგოსის მთავარ აეროპორტში ამერიკელი კალათბურთელი ბარგში 33.95 კგ კანაბისით დააკავეს. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NDLEA) ეჭვმიტანილი 28 წლის ჯორჯიის შტატის მცხოვრებ გრინ და'მონტე ხაირად დააიდენტიფიცირა.
NDLEA-ს ცნობით, ეჭვმიტანილი ნიგერიაში გაერთიანებული არაბული საამიროების გავლით ტაილანდიდან ჩაფრინდა. დაკავებულმა განაცხადა, რომ ტაილანდში პროფესიონალურ კალათბურთს თამაშობდა, ხოლო ნიგერიაში კარიერული კავშირების დამყარებისა და ქსელის გაფართოების მიზნით ჩავიდა. მას ბრალდებებზე საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
სააგენტოს განცხადებით, ეჭვმიტანილის ტელეფონის შემოწმებამ აჩვენა, რომ იგი ინფორმირებული იყო და ჩართული გახლდათ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობაში. 28 წლის სპორტსმენი ოთხშაბათს მას შემდეგ დააკავეს, რაც აეროპორტის თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ მან ორი ჩაბარებული ჩანთა მიატოვა და მხოლოდ ხელბარგით ცდილობდა ტერიტორიის დატოვებას. ორივე ჩანთას, რომლებზეც ეჭვმიტანილის სახელი და გვარი ეწერა, 32 შეკვრა ძლიერი მოქმედების მარიხუანა ეწყო.