ჩინეთში, იანტაის მოხუცებულთა თავშესაფარში 92 წლის პაციენტის გაქცევის კადრები ვირუსულად გავრცელდა. ქალბატონმა, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვს, 2 მეტრზე მეტი სიმაღლის მქონე ჭიშკარზე გადაძვრა და შენობა დატოვა.
შემთხვევამ სოციალურ ქსელებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ვიდეოკადრები, რომლებიც The Daily Mail-მა Instagram-ზე გამოაქვეყნა, ასახავს, თუ როგორ ძვრება ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტი დაახლოებით 2.1 მეტრის სიმაღლის ჭიშკარზე. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქალბატონი ახალგაზრდობაში მთებში, ხილის ბაღების გაშენებაზე მუშაობდა, რამაც მას ფიზიკური ძალა და ცოცვის განსაკუთრებული უნარები განუვითარა.
გაქცეული პაციენტი თავშესაფრის თანამშრომელმა იქვე, სიახლოვეს მოსეირნე იპოვა და იგი უსაფრთხოდ დააბრუნეს დაწესებულებაში.

ვიდეოს გავრცელებას ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო მომხმარებელთა ნაწილი 92 წლის ქალბატონის ათლეტური ფორმითა და ენერგიით აღფრთოვანდა.
“აი, რატომ უნდა შეინარჩუნოთ ფიზიკური ფორმა!“, - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
“ის ჩემზე უკეთ მოძრაობს, მე კი ჯერ 36 წლის ვარ“, - აღნიშნა მეორემ, ხოლო მესამემ დასძინა: “მე ახლაც კი ვერ შევძლებდი ამის გაკეთებას“.
ბევრმა მიიჩნია, რომ ასეთი ფიზიკური მომზადების გამო ქალმა “გაქცევა დაიმსახურა“: “თუ მას ამხელა ჭიშკარზე გადაძრომა შეუძლია, მას მოხუცებულთა თავშესაფარში ყოფნა ნამდვილად არ სჭირდება. რატომ იყო ჭიშკარი ჩაკეტილი? ეს ხომ ციხე არ არის!“, - წერდნენ კომენტარებში.
მომხმარებელთა მეორე ნაწილმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბევრს გამორჩა მთავარი დეტალი - 92 წლის ქალბატონი ალცჰაიმერით არის დაავადებული. ალცჰაიმერი არის დემენციის პროგრესირებადი ფორმა, რომელიც მეხსიერებას, კრიტიკულ აზროვნებასა და ყოველდღიურ უნარებს აზიანებს.
კომენტარების ავტორებმა განმარტეს, რომ ჭიშკარი სწორედ პაციენტების უსაფრთხოებისთვის იყო ჩაკეტილი.