გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი ვრცელ მიმართვას აქვეყნებს სადაც აღნიშნავს, რომ ავალიანის შესახებ გავრცელებული დამახინჯებული ვიდეო, სიმართლეს არ შეესაბამება და მეორე მხარე “აღქმების“ საფუძველზე ცდილობს საზოგადოების ნაწილზე რაიმე სახის გავლენა დატოვოს.
გიგა განსაკუთრებული ინტელექტის ადამიანი იყო. მისი IQ 160 იყო. ეს ნიშნავს, რომ მას ჰქონდა გამორჩეული აზროვნება. და როდესაც ადამიანი ვეღარ გვეუბნება, რას ფიქრობდა, სხვისი ინტერპრეტაცია მისი აზროვნების შემცვლელი ვერ გახდება.
თავს ვარიდებდი და არ მინდოდა პროფესიული საკითხი პირად პოლემიკაში გადაზრდილიყო. თუმცა, როდესაც გარდაცვლილის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობა შერჩეული მესიჯების სუბიექტური ინტერპრეტაციით ხდება, დუმილი უკვე აღარ მიმაჩნია სწორ პოზიციად.
საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ იხილა საჯარო სივრცეში ცნობილი საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც განხილულია გიგასა და ბრალდებულს შორის მიმოწერა. ამ მესიჯებით ავტორი მსჯელობს გიგას პირად ინტერესებზე, მის განზრახვებსა და მოსწავლის მიმართ დამოკიდებულებაზე და აკეთებს დასკვნებს - თუ რას გულისხმობდ გიგა. ამ დასკვნების მორალურ მართებულობაზე, რა თქმა უნდა, არ ვიმსჯელებ, ვინაიდან, მოკლედ უკვე მოგახსენეთ, გიგას IQ-ს შესახებ...
აქ არსებითი საკითხია გასამიჯნი: ჯერ ერთი, გიგა ავალიანის, როგორც მასწავლებლის ქცევის შეფასება და ნია იმნაძის მიმართ წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდება ერთი და იგივე საკითხი არ არის!
ამავდროულად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, წააქეზა თუ არა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი იმ დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად, რომლისთვისაც გაბაშვილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია.
მაშასადამე: სასამართლოს საბრალდებო სკამზე ზის ნია იმნაძე და სასამართლო განიხილავს მის ბრალს!!!
ამ ორი საკითხის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. ნია იმნაძის და მისი ადვოკატის აღქმები ნია იმნაძის ბრალეულობის საკითხს არ წყვეტს.
ადვოკატს აქვს დაცვის პოზიციის საჯაროდ გამოხატვის უფლება. მაგრამ დაცვის უფლება არ ნიშნავს ფაქტების შერჩევით წარმოდგენის, კონტექსტის უგულებელყოფისა და გარდაცვლილი ადამიანის შინაგანი სამყაროს საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოდგენის უფლებას.
ვიდეოს ავტორი არაერთხელ იყენებს სიტყვას “აღქმა“. სწორედ ამ სიტყვას მინდა დავუბრუნდე.
თუ დაცვის პოზიციაა, რომ ნიას გიგას ქცევა ფლირტად აღექვა, მაშინ პასუხგასაცემია ერთი მარტივი კითხვა: როდის ჩამოუყალიბდა მას ეს აღქმა და რა გარემოებებმა განაპირობა იგი:
საქმის მასალებში არსებული ჩვენებების მიხედვით, ნია მასწავლებლის მხრიდან შესაძლო ფლირტის შესახებ თითქოსდა 15-25 სექტემბრის პერიოდში საუბრობდა (ეს მოსწავლე გიგას ჯგუფში 12 სექტემბერს ჩაირიცხა). ამ ჩვენების მიხედვით, ამ პერიოდში, ანუ 25 სექტემბრამდე უნდა გაეზიარებინა მას თავისი აღქმა დამრიგებლისთვის, მშობლებისთვის და სავარაუდოდ, შეყვარებულისთვისაც. გიორგი ლეკიშვილის ვიდეოში კი ამ აღქმის დასასაბუთებლად ავტორს 26 სექტემბრის მიმოწერა მოჰყავს.
კითხვა ადვოკატს: თუ ამბობთ, რომ 26 სექტემბრის მიმოწერაა თქვენი და თქვენი კლიენტის აღქმის საფუძველი, მაშინ რა ხდებოდა მანამდე - 25 სექტემბრამდე, როცა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი, როგორც თქვენ ამტკიცებთ, ოჯახს და მასწავლებელს ფლირტზე ესაუბრა? ბატონო კოლეგავ, თუ ასქროლავთ იგივე ჩატს და 25 სექტემბრამდე მიმოწერებს, აღმოაჩენთ, რომ ყველა მიმოწერა ალგებრას და გეომეტრიას შეეხება და ყველა პასუხს გიგა ავალიანს “უგულებს“ ნია.
ჩემი აზრით: გიგას ქცევის (მათი შეფასებით) არაეთიკურობის ხაზგასმით ბრალდებულის ადვოკატი ცდილობს ნიას აღქმისა და ემოციური მდგომარეობის ახსნას, მაგრამ ამით თავად აჩენს კითხვებს ამ აღქმის წარმოშობის, მისი განვითარების და შემდგომ მოვლენებთან კავშირის შესახებ.
აქვე კატეგორიულად: მოტივი დანაშაულს არ ადასტურებს. აღქმა ბრალეულობას არ ნიშნავს. მაგრამ თუ დაცვის პოზიცია სწორედ ამ აღქმას იყენებს მომხდარის ასახსნელად, მაშინ მისი წარმოშობისა და კონტექსტის გამოკვლევასაც ვერ გაექცევა.
აქვე კოლეგიალობასაც შევეხები.
გიორგი ლეკიშვილს წარსულში საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ სასამართლოში კამერადამონტაჟებულ სათვალეს იყენებდნენ, რადგან არსებობდა დარეჯან სულაშვილის, ანუ ჩემი მხრიდან სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის საფრთხე.
მაშინ ამ განცხადებაზე საჯაროდ არ მიპასუხია და არც ადვოკატთა ეთიკის კომისიას მივმართე. ეს იყო შეგნებული გადაწყვეტილება. არ მსურდა, ამ მეორეხარისხოვან საკითხზე ყურადღების გადატანას ძირითადი საქმის ინტერესებისთვის შეეშალა ხელი.
მაგრამ ჩემი დუმილი თანხმობას არ ნიშნავდა!!!
კოლეგიალობა ორმხრივი პროფესიული პასუხისმგებლობაა. ის არ გულისხმობს კოლეგის საჯარო განცხადებებზე ავტომატურ დუმილს, მაგრამ პასუხიც იმავე პროფესიული სტანდარტით უნდა გაიზომოს, რომელსაც სხვებისგან ვითხოვთ. პროფესიული თავშეკავება არ ნიშნავს თანხმობას. კოლეგიალობა კი არ შეიძლება ცალმხრივ ვალდებულებად იქცეს.
და ბოლოს, ისევ გიგას შესახებ.
ზოგადად, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაში პროფესიული ეთიკის საკითხები განხილვას, რა თქმა უნდა, ექვემდებარება. მაგრამ ამ საკითხების განხილვას თავისი წესი აქვს: ფაქტი უნდა გაიმიჯნოს ვარაუდისგან, მტკიცებულება - ინტერპრეტაციისგან, ხოლო პირადი აღქმა - ობიექტური გარემოებისგან.
ნია იმნაძის ბრალეულობას სასამართლო გადაწყვეტს. მაგრამ გიგა ავალიანის ღირსების დაცვა სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებაში აუცილებლად აისახება.
ტრაგიკული რეალობაა, რომ გიგა ვეღარ ილაპარაკებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მის ნაცვლად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ილაპარაკოს და საკუთარ სიტყვებს მისი აზრები დაარქვას.
აღქმა ფაქტი არ არის და არც მტკიცებულება არ არის ინტერპრეტაცია!!!“ | წერს გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი სოციალურ ქსელში
ნაკლების ჩვენება